ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს შეიძენს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2026
გამოწერა
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.
თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას.
უწყების ცნობით, პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ორი წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს.
„პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს დაავადების გენეტიკურ მიზეზზე, უზრუნველყოფს ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებასა და პროგრესირებადი დაზიანების შეჩერებას. შედეგად, არსებითად მცირდება ინფექციური გართულებების რისკი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ფილტვის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მედიკამენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნუტრიციულ სტატუსსა და ცხოვრების ხარისხს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ უფრო აქტიური, ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებით.
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად აზიანებს ფილტვებსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები, დროთა განმავლობაში კი მნიშვნელოვნად უარესდება ფილტვების ფუნქცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მუდმივი მკურნალობის აუცილებლობა და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე. შესაბამისად თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სამინისტროს ცნობით, „ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმომ აუცილებელი მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შეიყვანა, რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს ცისტური ფიბროზის თანამედროვე მკურნალობაში.
ყველა ახალი ამბავი
0