გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე: შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა

© photo: Sputnik / The First Channel შსს-ის შენობა
შსს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2026
გამოწერა
შსს-ის განცხადებით, რეზონანსული ვიდეოჩანაწერი მოზარდის გაუჩინარებიდან დაახლოებით 11 საათის შემდეგ არის გაკეთებული
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ჩანაწერი, რომელზეც, სავარაუდოდ, ისმის 2014 წელს ლომისობაზე დაკარგული 17 წლის გურამ დადიანიძის ხმა, გაკეთებულია მოზარდის გაუჩინარებისა და სამძებრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
17 წლის გურამ დადიანიძის ისტორიამ, რომელიც 2014 წელს დუშეთში გაუჩინარდა, 12 წლის შემდეგ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ძველმა ვიდეოჩანაწერმა საქმისადმი ყურადღება მიიპყრო. მოზარდის დედა ამტკიცებს, რომ ჩანაწერში მისი შვილის ხმა ისმის: „კახა, არ დამტოვო, გთხოვ“. ჩანაწერმა უამრავი კითხვა გააჩინა.
უწყების ცნობით, 7 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა გამოკითხეს პირი, რომელმაც აღნიშნული ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.
„ვიდეომასალა გადაღებულია 2014 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, მაშინ როცა დადიანიძის თანმხლები პირების განმარტებით, იგი გაუჩინარდა 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე", - ნათქვამია განცხადებაში..
საქმის მასალებით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 ივნისს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაში, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლომისის სალოცავში თემქის დასახლებიდან მიკროავტობუსით 16 მეზობელი წავიდა. ვინაიდან რთული რელიეფური გზის გამო ისინი ვერ მოახერხებდნენ მიკროავტობუსით სალოცავამდე მისვლას, ავტომობილი გააჩერეს სოფელ მლეთაში და ტაძრისკენ გზა ფეხით გააგრძელეს.
აღნიშნულმა პირებმა სალოცავიდან ფეხით უკან დაბრუნება დაახლოებით 02:00 საათზე დაიწყეს. გურამ დადიანიძე ნათესავთან ერთად ბრუნდებოდა, იგი გზაზე შესვენების მიზნით ჩამოჯდა ქვაზე, რასაც შეესწრო, როგორც ნათესავი, ასევე მისი ორი მეზობელი მამა-შვილი.
ავტომობილამდე დაახლოებით 300–500 მეტრი იყო დარჩენილი. შსს-ის ინფორმაციით, დადიანიძემ თავად სთხოვა სხვებს, გზა გაეგრძელებინათ და ის დაეწეოდა. ვინაიდან ამ მონაკვეთზე გზა აღარ იყო რთული და ავტომობილამდე მცირე მანძილი რჩებოდა, იმ მომენტისთვის დადიანიძესთან ერთად მყოფმა სამმა პირმა გზა გააგრძელა.
მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა პირებმა მცირე მანძილი გაიარეს და გურამ დადიანიძე აღარ გამოჩნდა, სიბნელის გამო ერთ-ერთმა მეზობელმა მისი ძებნა ხელის სანათის გამოყენებით დაიწყო. თუმცა როდესაც იგი იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს, ის იქ აღარ იმყოფებოდა.
გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს, რის შემდეგაც ძებნაში პოლიცია ჩაერთო. დადიანიძეს თან არ ჰქონდა ტელეფონი, რის გამოც ტელეფონის მონაცემების საშუალებით მისი შემდგომი ადგილსამყოფელისა და შესაძლო გადაადგილების დადგენა ვერ მოხერხდა.
მოწმეების განცხადებით, დადიანიძეს არც მგზავრობისას და არც სალოცავში მისვლისას არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და რაიმე დაპირისპირების საფრთხე არ არსებობდა. ასევე, კონკრეტულ ადგილას, სადაც ჩამოჯდა გურამ დადიანიძე მოძრაობდა ძალიან ბევრი მომლოცველი.
„საქმეზე გამოკითხულია ყველა პიროვნება, ვინც გურამ დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა და მგზავრობდა, ასევე საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, ვერ იქნა გამოვლენილი ისეთი გარემოება რომელიც დაადასტურებდა გურამ დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს. შემთხვევის ადგილზე რაიმე სახის ძალადობის კვალი არ აღინიშნებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-მ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014-დან 2017 წლამდე პერიოდში საქმეზე საგამოძიებო ან სამძებრო ღონისძიებები არ ტარდებოდა.
გამოძიება გრძელდება. პოლიცია აგრძელებს საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვას. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოიკითხა 20 ადამიანი.
შსს-მ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, საზოგადადოება შეცდომაში არ შეიყვანონ და არ გაავრცელონ საქმის შესახებ არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
ყველა ახალი ამბავი
0