„საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია“: „ნაცმოძრაობა” ბარამიძის ბრალზე

© photo: Sputnik / Stringerგიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
პარტიაში აცხადებენ, რომ ბარამიძის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდებიან.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დღეს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე ცილისმწამებლური, აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებულია, ნათქვამია ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
6 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება" გაკეთებულ განცხადებას. youtube-არხზე 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაცემაში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლას ეხებოდა, ბარამიძემ განაცხადა, რომ ომის დასაწყისში „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენები მათ ხვრეტდნენ“.
„გიორგი ბარამიძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის, მათ შორის იარაღით ხელში, როგორც რიგითი ჯარისკაცი აფხაზეთსა და უკრაინაში. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც დღეს მას პატრიოტიზმს უწუნებენ, წლების განმავლობაში აზიანებდნენ საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს და ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებდნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარტია გიორგი ბარამიძის მიმართ დაწყებულ დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უკანონო ნაბიჯს სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დაუპირისპირდება.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0