პროკურატურამ გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება „სამშობლოს ღალატის" მუხლით დაიწყო

© photo: Sputnikგიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება.
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით „სამშობლოს ღალატის" მუხლით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლობის ღალატის“ მუხლი 2026 წლის აპრილში დააბრუნა - სამშობლოს ღალატად მიიჩნევა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული რიგი დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია საქართველოს მოქალაქეების მიერ.
„სამშობლოს ღალატის“ მუხლის გარდა, საქმეზე გამოძიება „საბოტაჟის" მუხლითაც მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება" გაკეთებულ განცხადებას. youtube-არხზე 18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაცმაში, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტყვეთა გაცვლას ეხებოდა, ბარამიძემ განაცხადა, რომ ომის დასაწყისში „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენები მათ ხვრეტდნენ“.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, „საბოტაჟის" მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე იმყოფება.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თენგიზ კიტოვანის ბრძანებით ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, მერე კი ომი მოჰყვა.
ომმა, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, შედეგად ასობით ათასი ლტოლვილი, ათობით ათასი დაღუპული და აფხაზეთზე ოფიციალური თბილისის კონტროლის დაკარგვა მოიტანა. აფხაზეთის ომში საქართველომ დაახლოებით 15 ათასი ადამიანი დაკარგა.
ყველა ახალი ამბავი
0