თელავის მერი: თელავისხევის 10-მეტრიან ზონაში არსებული ყველა შენობის დემონტაჟი მოხდება

სტიქია თელავში
სტიქია თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
მაღრაძის განცხადებით, ექსპერტიზამ შეისწავლა თითოეული შენობის ტექნიკური მდგომარეობა და მათი უსაფრთხოების ხარისხი.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. თელავისხევის მიმდებარედ, 10 მეტრის ზონაში არსებულ ყველა შენობას დემონტაჟი ჩაუტარდება, განაცხადა თელავის მერმა ვაჟა მაღრაძემ ჟურნალისტებთან სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესახებ საუბრისას განუცხადა.
12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.
მაღრაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მერიამ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა 4 აგვისტოს მიიღო, რომლის თანახმადაც დემონტაჟს ასევე დაექვემდებარება ვარდოშვილის, ქეთევან წამებულისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობები.
„12 ივლისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად თელავს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა. მათ შორის, ვარდოშვილის ქუჩასა და მიმდებარედ არსებულ შენობებს ძირი გამოაცალა და ზოგიერთს მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი. ჩატარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც 2 დღის წინ მივიღეთ. დასკვნაში გაანალიზებულია ყველა შენობის მდგრადობა სამომავლო პერსპექტივის სახით", - განაცხადა მაღრაძემ.
თელავის მერის განმარტებით, სამხარაულის დასკვნის შესახებ ინფორმირებულია ყველა ბინის მესაკუთრე და ისინი მიიღებენ ალტერნატიულ ფართს ან შესაბამის კომპენსაციას.
სამხარეულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობების ნაწილში დაფიქსირებულია სერიოზული კონსტრუქციული დაზიანებები, რის გამოც შესვლა კატეგორიულად დაუშვებელია. ასევე არის შენობები, სადაც დაზიანება ვიზუალურად ნაკლებად შეინიშნება, თუმცა ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა, მათაც საფრთხე შეექმნათ.
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაზიანებული შენობების დემონტაჟი განხორციელდეს. მანამდე მოხდება შენობების საბაზრო ღირებულების შეფასება, რის შემდეგაც მესაკუთრეებისთვის კომპენსაციის საკითხი განიხილება.
ყველა ახალი ამბავი
0