140-მდე გამოფენა-დეგუსტაცია: როგორ ხორციელდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია მსოფლიოში

© National Wine Agency of Georgiaღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2026
გამოწერა
ქართული ღვინის პოპულარიზაცია სტრატეგიულ ბაზრებზე და ახალი საექსპორტო შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. 2026 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ქართული ღვინო მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამართულ 24 საერთაშორისო გამოფენასა და 115 პრეზენტაციაზე იყო წარმოდგენილი, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული მასშტაბური კამპანიის შედეგები შეაჯამა.
„მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 11 ქვეყანაში გამართულ 24 საერთაშორისო გამოფენასა და ფესტივალზე. ღონისძიებები ჩატარდა გერმანიაში, ჩინეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, სლოვენიაში, საბერძნეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელარუსში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები გაიმართა გერმანიაში, ავსტრალიაში, აშშ-ში, თურქეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, სამხრეთ კორეაში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ჩატარდა 20 ღონისძიება, მათ შორის მასტერ-კლასები, გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები და ფორუმები.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში უცხოელი ღვინის პროფესიონალების, სავაჭრო სფეროსა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით 12 ღვინის ტური მოეწყო.
ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაარსდა ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება.
ქართული ღვინის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმატის მარკეტინგულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ. სააგენტოსთვის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთი კორეა და იაპონია.
საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის და ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ხალხურ ხელოვნებაში, ასევე სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში, ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის სახეები.
დღეს საქართველოში ასობით სხვადასხვა ჯიშის ყურძენია კულტივირებული. მსოფლიოში ცნობილი 4 ათასი ჯიშიდან დაახლოებით 500 ქართული წარმოშობისაა. 2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული მეთოდი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს.
ყველა ახალი ამბავი
0