ვინ ჩაუდგება სათავეში „ნაცმოძრაობას"? ყრილობის წინ ჟორჟოლიანმა ბოკუჩავას მხარი დაუჭირა

© courtesy of Grigol Vashadze
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ XIII ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის წინ აქტიურად გრძელდება დავა პარტიის მომავალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით.
გუშინ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ პარტიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეფექტური პოლიტიკოსები დაკარგოს, ამიტომაც თინა ბოკუჩავა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში უნდა დარჩეს იმ ფორმატში, რომელიც მისთვის კომფორტული იქნება.
ჟორჟოლიანის თქმით, პარტიისთვის მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს ყველა ის პოლიტიკოსი, რომელმაც საკუთარი ეფექტურობა დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, ისინი ოფიციალურ თანამდებობებს დაიკავებენ თუ არა.
„მე მხოლოდ ერთი რამ მინდა — ვიხილო თინა ბოკუჩავა გამგეობის, პოლიტსაბჭოს ან ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი ორგანოს შემადგენლობაში, სადაც თავად იგრძნობს თავს კომფორტულად. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტიაში დარჩეს ყველა ის ადამიანი, რომელიც მისთვის ღირებულებას წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, დაიკავებენ ისინი ოფიციალურ თანამდებობებს თუ არა. მიმაჩნია, რომ ამ პარტიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეფექტური პოლიტიკოსები დაკარგოს“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
„ნაცმოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. იგი არ დასწრებია 30 ივლისს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელზეც ყრილობის თარიღი დაინიშნა. სხდომის შემდეგ ბოკუჩავამ კვორუმის დათვლისას დარღვევებზე განაცხადა და ეჭვქვეშ დააყენა პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა. თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილიმ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ სხდომა წესდებით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი თქმით, შიდაპარტიული კრიზისი თავად პარტიის პოლიტიკის კანონზომიერი შედეგია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავისი არსით დესტრუქციას თესავს. ის დესტრუქცია, რომელიც პარტიამ დათესა და დღესაც აგრძელებს თესვას, ბუმერანგივით დაუბრუნდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის აზრით, პარტია არა მხოლოდ რამდენიმე ნაწილად დაიშალა, არამედ ლიდერებს შორის კონფლიქტსაც განიცდის.
„ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ეგოს გარშემო ტრიალებს, პარტიაში სხვა არანაირი დემოკრატია არ არსებობს. სააკაშვილი მუდმივად ეჭვობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მის ძალაუფლებას შეიძლება რამე დაემუქროს, ამიტომაც მანიპულაციებით არის დაკავებული. ყველაფერი, რაც მის მიმართ უპირობო ერთგულებას არ გამოხატავს, მისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ, იგი ცდილობს პარტიის ხელმძღვანელობაში მოიყვანოს ისეთი ლიდერი, რომელიც სრულად შეესაბამება მის ეგოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ჯერ კიდევ ივნისში მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობაში“ რეორგანიზაცია და რეფორმები დააანონსა, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კი თავის კანდიდატად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ექს-პრეზიდენტის თქმით, პარტიულ ბირთვთან ერთად „ფუნდამენტური და არა კოსმეტიკური“ რეფორმები სწორედ მან უნდა განახორციელოს. თუმცა, ჟორჟოლიანმა შეთავაზებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ბოკუჩავას „ძალიან კარგ თავმჯდომარედ“ და გამოცდილ პოლიტიკოსად მიიჩნევს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ XIII ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება. დელეგატებმა პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ჯერჯერობით უცნობია, ყრილობაში მიიღებს თუ არა მონაწილეობას თინა ბოკუჩავა.