შქმერი-მრავალძალის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

© Government of Georgiaრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2026
გამოწერა
პროექტის ჯამური ღირებულება 23 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში შქმერი-მრავალძალის 9,5 კმ სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი რაჭის რეგიონისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ ზედგინიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
„ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები მრავალძალის განვითარებასთან დაკავშირებით. მრავალძალი არის უნიკალური ადგილი, სადაც შესაძლებელია უმაღლესი სტანდარტების საკურორტო სივრცის მოწყობა. ამაზე აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, ვმუშაობთ ავსტრიელ პარტნიორებთან შესაბამისი მასტერპლანის მომზადებაზე“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი გზა მნიშვნელოვნად დააჩქარებს და გაამარტივებს გადაადგილებას სოფელ შქმერიდან მრავალძალამდე.
„ამისათვის გზის მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მისი განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას", - განაცხადა პრემიერმა.
შქმერი-მრავალძალის გზის მშენებლობას საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს - პროექტის ჯამური ღირებულება 23 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის დასრულება 2028 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
მაღალმთიან რელიეფზე მდებარე შქმერი და მრავალძალი გამოირჩევა როგორც ისტორიულ-კულტურული, ისე ტურისტული მნიშვნელობით. ორივე სოფელში განთავსებულია უძველესი ეკლესიები, ხოლო სოფელ შქმერში მდებარეობს კანიონი, კარსტული მღვიმე და სხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ყოველწლიურად უამრავ ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორს იზიდავს.
დეპარტამენტის ცნობით, არსებული ხრეშოვანი გზა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული, რაც გადაადგილებას ართულებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. მშრალ ამინდში გზაზე მაღალია დამტვერიანება, ხოლო ნალექიან პერიოდში გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება.
პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა და ვიზიტორები შეძლებენ უსაფრთხოდ, კომფორტულად და შეუფერხებლად გადაადგილებას. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო სრულად ათვისებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.
ყველა ახალი ამბავი
0