რამდენი მართვის მოწმობა გაიცა საქართველოში: ექვსი თვის მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerმართვის მოწმობა
მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2026
გამოწერა
2026 წლის მაისიდან საქართველოში მართვის მოწმობის აღების წესები გამარტივდა - საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის ექვს თვეში მართვის მოწმობა 19.515 მოქალაქეზე გაიცა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 45,5%-ით მეტია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
საქართველოში მართვის მოწმობის მიღება სამი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი. პირველი ეტაპი გულისხმობს თეორიულ გამოცდას, მეორე - სპეციალური მანევრების წარმატებით შესრულებას დახურულ მოედანზე. ამის შემდეგ მძღოლობის კანდიდატი გადადის მესამე ეტაპზე – მისი გამოცდა რეალურ საგზაო პირობებში ეწყობა. მართვის მოწმობის მიღება სამივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ არის შესაძლებელი.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში (იანვარი-მარტი) სულ გაიცა 7.383 მართვის მოწმობა - 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 235-ით მეტი. შესაბამისად, მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) კი დამატებით 12.132 მოწმობა გაიცა.
2026 წლის მაისიდან საქართველოში მართვის მოწმობის აღების წესები გამარტივდა - საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე.
ახალი წესის თანახმად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ტარდება, ხოლო არაგეგმური (ფასიანი — 250-ლარიანი) გამოცდის ჩაბარება მოქალაქეებს მხოლოდ შაბათობით შეეძლებათ.
გარდა ამისა, 15 ივნისიდან გამოცდის მონაწილეებს თეორიულ ნაწილში, 30-კითხვიან ტესტში 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება აქვთ. შესაბამისად, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად მინიმუმ 25 სწორი პასუხის დაფიქსირებაა საკმარისი - საგამოცდო დრო კვლავინდებურად 30 წუთია.
მანამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე გაიზარდა.
ასევე შეიცვალა ქალაქის გამოცდის რიგების მართვის პრინციპიც. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში ადგილების უფრო სამართლიანად გადანაწილების მიზნით, სპეციალური ალგორითმი გააანალიზებს კანდიდატთა მონაცემებს და დაჯავშნისას პრიორიტეტს მიანიჭებს მათ, ვინც გამოცდაზე პირველად გადის, აქამდე ნაკლები გასვლა აქვს დაფიქსირებული ან რიგში ჩაწერას დიდი ხნის განმავლობაში ელოდება.
ივლისის ბოლოდან კი მომსახურების სააგენტომ აამოქმედა სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი, რაც ამცირებს სააგენტოს ფილიალებში რიგებს.
საქართველოში ავტომობილის მართვის მოწმობა გაიცემა 16 წლიდან, ამასთან 16 წლის ასაკში შესაძლებელია მოპედის, კვადროციკლის და ტრიციკლის მართვის მოწმობის აღება. 17 წლიდან შესაძლებელია 125 კ3 სმ ნაკლები მოცულობის ძრავის მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის (მგზავრთა გადაყვანის და ტაქსის მძღოლად მუშაობის უფლების გარეშე) და ტრაქტორის მართვის მოწმობის აღება.
2025 წლის მაისის ბოლოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მართვის მოწმობის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ აქვთ ბინადრობის ნებართვა ან ქვეყანაში 185 დღეზე მეტი ხნით ყოფნის დამადასტურებელი მოწმობა. გამონაკლისს წარმოადგენენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ აკრედიტაციის ბარათის ასლი.
შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში მართვის მოწმობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და მართვის მოწმობა მიიღო 897 ადამიანმა.
რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2025 წელს ჯამში გაიცა 29.647 მართვის მოწმობა.
ყველა ახალი ამბავი
0