უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა გარკვეული პირობებით

© video: Sputnikთბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2026
გამოწერა
დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მლნ ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მლნ ლარს მიაღწევს.
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ, იუწყება საინფორმაციო პორტალი mshoblebi.ge.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მლნ ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მლნ ლარს მიაღწევს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესის და პირობების შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო შესაბამისს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს, მაგრამ დაფინანსების სრული შენარჩუნება გარკვეულ მოთხოვნებთან იქნება დაკავშირებული.
დადგენილება იმ სტუდენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან.
დაფინანსება ორ ნაწილად იყოფა:
1. გარანტირებული საბაზო დაფინანსება - 50% - ყველა უფლებამოსილ სტუდენტს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს ავტომატურად უფინანსებს.
2. დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება - დარჩენილი 50% - ეს ნაწილი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.
პირველ და მეორე სემესტრში სტუდენტს 50%-იანი დაფინანსებაც ავტომატურად უნარჩუნდება, მაგრამ მესამე სემესტრიდან საჭიროა წინაპირობის შესრულება.
„დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა“, - ნათქვამია დადგენილებაში.
კერძოდ, მესამე და შემდეგ სემესტრებში 50%-იანი დამატებითი დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტმა წინა სემესტრში უნდა დააგროვოს სრული დატვირთვის მინიმუმ 80% კრედიტები. თუ სემესტრული დატვირთვა არის 30 ECTS კრედიტი, სტუდენტს სჭირდება მინიმუმ 24 კრედიტის დაგროვება.
თუ სტუდენტი ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებს და 24 კრედიტს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო შეუწყვეტს დამსახურებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას და სტუდენტს მოუწევს სწავლის საფასურის დარჩენილი 50%-ის საკუთარი სახსრებით გადახდა.
დადგენილების თანახმად, დაფინანსების დაბრუნება შესაძლებელია - თუ სტუდენტმა დაფინანსება დაკარგა, მისი აღდგენა შეუძლია, მაგრამ ამისთვის შემდეგ სემესტრში უნდა დააგროვოს 100% კრედიტები (სრული დატვირთვა - ჩვეულებრივ 30 ECTS).
ვის არ შეეხება 80%-იანი აკადემიური მოთხოვნა?
80%-იანი აკადემიური მოთხოვნა არ გავრცელდება გარკვეულ ჯგუფებზე, მათ შორის: აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებზე; განათლების სამინისტროს შესაბამისი ინკლუზიური განათლების პროგრამების ბენეფიციარებზე; მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
„დაფინანსება გაგრძელდება პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობის განმავლობაში: 4-წლიანი ბაკალავრიატი - მაქსიმუმ 8 სემესტრი; 3-წლიანი ბაკალავრიატი - მაქსიმუმ 6 სემესტრი; მედიცინა - მაქსიმუმ 12 სემესტრი; მაგისტრატურა - პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად“, - ნათქვამია საინფორმაციო პორტალის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0