მიქანაძე: 100%-იანი დაფინანსების შესანარჩუნებლად მაღალი აკადემიური მოსწრებაა არაა საჭირო
გამოწერა
დაფინანსების ახალი მოდელი იმ სტუდენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან.
თბილისი, 1-ელი აგვისტო - Sputnik. ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო 100%-იანი დაფინანსებისთვის - სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი, მინიმალური ნიშნული, განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება. დაფინანსების ახალი მოდელის მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.
„გასული ორი დღის განმავლობაში კონკრეტული ჯგუფების და ადამიანების მხრიდან დეზინფორმაციულად ვრცელდებოდა გარკვეული სახის არასწორი ინფორმაცია, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანას და არასწორი აღქმების შექმნას, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, დეტალურად განვუმარტოთ საზოგადოებას, რას მოიცავს სტუდენტისთვის დაფინანსების ახალი მოდელი“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, ახალი მოდელის თანახმად, პირველი ორი სემესტრი სახელმწიფოს მხრიდან სწავლა სრულად ფინანსდება, თუმცა პირველი ორი სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, დააგროვოს დადგენილი კრედიტების, მინიმუმ, 80%, რათა მესამე სემესტრში მოიპოვოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსებაю
„შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი და თუ დაგროვილი კრედიტები 80% ან მეტია ყოველ სემესტრში, სტუდენტი შემდეგ სემესტრზე მოიპოვებს უფასო სწავლის შესაძლებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი სტუდენტი 80%-ს ვერ დააგროვებს, ასეთ მოცემულობაში სახელმწიფო მაინც შემოდის წილობრივ დაფინანსებაში და 50%-ს დააფინანსებს. თუმცა, ამავდროულად, სტუდენტს ეძლევა საშუალება, შემდეგ სემესტრში მან დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, უკვე მომავალი შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება“, – აღნიშნა მიქანაძემ.
მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაციაც, რომ მაღალი აკადემიური მოსწრებაა საჭირო სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსების მისაღებად.
„სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს 51%-იანი ნიშნული, ანუ მინიმალური ცოდნა და მინიმალური უნარები უნდა აჩვენოს თითოეულ საგანში, რომ მას კრედიტი დაუფიქსირდეს და ამ შემთხვევაში მას უკვე კრედიტი უფიქსირდება, არა აქვს მნიშვნელობა ეს არის მაღალი ქულებით მოპოვებული კრედიტი თუ დაბალი ქულებით და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ მხარდაჭერას“, - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება მობილობის შემთხვევაში დაფინანსებას, როგორც მიქანაძემ განმარტა, სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლისას, სტუდენტს მოპოვებული დაფინანსება გაუგრძელდება, კერძო უნივერსიტეტში კი – არა.
დაფინანსების ახალი მოდელი
დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მლნ ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მლნ ლარს მიაღწევს.
ახალი მოდელი იმ სტუდენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან.
დაფინანსება ორ ნაწილად იყოფა:
1.
გარანტირებული საბაზო დაფინანსება - 50% - ყველა უფლებამოსილ სტუდენტს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს ავტომატურად უფინანსებს. 2.
დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება - დარჩენილი 50% - ეს ნაწილი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. პირველ და მეორე სემესტრში სტუდენტს 50%-იანი დაფინანსებაც ავტომატურად უნარჩუნდება, მაგრამ მესამე სემესტრიდან საჭიროა წინაპირობის შესრულება.
ვის არ შეეხება 80%-იანი აკადემიური მოთხოვნა?
80%-იანი აკადემიური მოთხოვნა არ გავრცელდება გარკვეულ ჯგუფებზე, მათ შორის: აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებზე; განათლების სამინისტროს შესაბამისი ინკლუზიური განათლების პროგრამების ბენეფიციარებზე; მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
დაფინანსება გაგრძელდება პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობის განმავლობაში: 4-წლიანი ბაკალავრიატი - მაქსიმუმ 8 სემესტრი; 3-წლიანი ბაკალავრიატი - მაქსიმუმ 6 სემესტრი; მედიცინა - მაქსიმუმ 12 სემესტრი; მაგისტრატურა - პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად.
