მშობლების საყურადღებოდ: პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს სრულდება

© photo: Sputnik / Stringerპირველკლასელები
პირველკლასელები - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2026
გამოწერა
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია წელს ხუთ ეტაპად ტარდება.
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეს, 24:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
პირველკლასელთა რეგისტრაციის დასკვნითი, მეხუთე ეტაპი 20 ივლისს დაიწყო. აღნიშნულ ეტაპზე ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელია იმ საჯარო სკოლებში, სადაც ხელმისაწვდომია თავისუფალი ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებული ადგილები.
საჯარო სკოლებში არსებული თავისუფალი ადგილების, ცვლებისა და სექტორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ონლაინპორტალზე skolebi.emis.ge.
განსხვავებით წინა ეტაპებისგან, ამ ეტაპზე ონლაინ-რეგისტრაცია არ ხდება. რეგისტრაციისთვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლაში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლები.
მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.
საქართველოში პირველკლასელთა რეგისტრაცია ხუთ ეტაპად ტარდება: I ეტაპზე სკოლებში რეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. II ეტაპზე რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. III ეტაპი ტერიტორიული პრინციპით ონლაინ-რეგისტრაციაა. IV ეტაპი საყოველთაო ონლაინ-რეგისტრაციაა, V ეტაპზე კი ხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II, III და IV ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
წელს საყოველთაო რეგისტრაციის დაწყების ეტაპამდე, დაემატა მესამე "ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის" ეტაპი, რომლის მიზანს მოსწავლეთათვის საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილთან ახლომდებარე საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესაძლებლობის გაზრდა წარმოადგენს.
თბილისის შემთხვევაში მოსწავლეებს უფლება ექნებათ დარეგისტრირდნენ მომიჯნავე სასკოლო უბნის იმ სკოლებშიც, რომლებიც მათი საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულია არაუმეტეს ერთი კილომეტრით.
ამასთან, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.
ყველა ახალი ამბავი
0