ბრძოლა ჰეპატიტთან: საქართველო მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარების ეტაპზეა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტროს შენობა
ჯანდაცვის სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საბოლოო მიზანი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმოს გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოა. სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა. ამ პროგრამით მკურნალობა 99%-ით ეფექტური იყო. B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა კი 2024 წელს დაიწყო - პაციენტებს უფასოდ შეუძლიათ სკრინინგისა და საჭირო კვლევების ჩატარება და აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტების უფასოდ მიღებაც.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე განაცხადა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ლიდერებს შორის დააყენა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო თენგიზ ცერცვაძის როლი პროგრამის განვითარებაში.
„აღნიშნული მიმართულებით ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველო მიმდინარე წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან (ჯანმო) საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით გეგმავს - C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესისა და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია.
უწყების ცნობით, განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად. ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება.
ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, მთავრობის, პარლამენტის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სამედიცინო სფეროს, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ბრძოლა ჰეპატიტებთან
ბოლო მონაცემებით, ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 87.3% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოზირებული პაციენტების 87.1%-ს მკურნალობა დაწყებული აქვს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება.
ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. B ჰეპატიტის მიმართულებით კი საქართველომ ჯანმოს რეგიონული მიზნები უკვე შეასრულა – ბავშვებში დაავადების გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას ვაქცინაციის მოცვამ 96%-ს, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვამ - 90%-ს მიაღწია.
C ჰეპატიტის მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, ისინი, ვინც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას ან სხვა სამედიცინო პროცედურებს და მათ, ვისაც აქვს ხშირი და დაუცველი სქესობრივი კავშირი.
ქრონიკული C ჰეპატიტი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს აწუხებს, ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიონი ახალი ინფექცია ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 3,2 მილიონი ბავშვი და მოზარდი დაავადებულია ქრონიკული C ჰეპატიტით.
ჯანმო ითხოვს ვირუსული ჰეპატიტის ტესტირებისა და მკურნალობის გაზრდას და აფრთხილებს, რომ თუ ამჟამინდელი ტენდენციები შენარჩუნდება, 2040 წლისთვის ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სიკვდილი, ვიდრე მალარია, ტუბერკულოზი და აივ ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0