პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 343 პირი.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. კიდევ 6 პირს კი ბრალი წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, მამუკა ჩხაბერიძია.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ისინი სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
„ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე სამართალდამცველების მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 343 პირი, მათ შორის 8 ე.წ. კანონიერი ქურდი
ყველა ახალი ამბავი
0