მეტი ვალდებულება, ნაკლები უფლება: საქართველო ევროკავშირის ახალ მიდგომას აკრიტიკებს

© Courtesy of Tornike Cheishviliთორნიკე ჭეიშვილი
თორნიკე ჭეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2026
გამოწერა
დეპუტატის თქმით, ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რადგანაც მან, შესაძლოა, გამოიწვიოს სიტუაცია, როდესაც დიდი ქვეყნები მცირე სახელმწიფოებზე მეტი გავლენას მოიპოვებენ.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის შექმნის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სახელმწიფოების თანასწორობა და თანასწორუფლებიანობა იყო, ევროკავშირის გაფართოების პროცესისადმი მიდგომების შესაძლო ცვლილებამ კი შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო სუვერენიტეტს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.
25 ივლისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. როგორც დიპლომატმა განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივას ევროკავშირის 12 ქვეყანა უკვე შეუერთდა. ამასთან, მან წამოაყენა წინადადება ევროკავშირის გაფართოების პროცესის რეფორმირების შესახებ, რაც ახალი წევრების ეტაპობრივ ინტეგრაციას ითვალისწინებს.
„სამწუხაროა, რომ ევრობიუროკრატიას და ბრიუსელს გადაწყვეტილი აქვს, რომ ერთის მხრივ - დეკლარირებული გაფართოების პროცესის კვალდაკვალ, შემოიღოს პირდაპირი სეგრეგაცია წევრთა შორის და ეს იქნება ახლად გაწევრებული სახელმწიფო თუ შედარებით პატარა ქვეყანა, მას შეუქმნას იმგვარი პირობები, რომლებიც გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი ვალდებულების აღებას ამ სახელმწიფოებისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ - მათთვის ყოველგვარი უფლების აყრას, რაც პირდაპირ არის საფრთხის შემცველი სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
მისი აზრით, ასეთი მიდგომა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო სუვერენიტეტს, რადგანაც მან, შესაძლოა, გამოიწვიოს სიტუაცია, როდესაც დიდი ქვეყნები მცირე სახელმწიფოებზე მეტი გავლენას მოიპოვებენ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0