ბურჭულაძე: დათანხმდით პროკურატურის შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას

© photo: Sputnikპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2026
გამოწერა
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 34 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი მოწოდებაა, მიიღოთ საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან, ნათქვამია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პაატა ბურჭულაძის მიმართვაში.
7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შენობაზე შტურმის ორგანიზატორებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ოპოზიციონერებს — პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
ბურჭულაძე აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, დათანხმდნენ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას. საპატიმროებიდან გათავისუფლების შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რაშიც არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახავი არაფერია, აღნიშნულია მიმართვაში.
„თითქმის ათთვიანი უკანონო პატიმრობით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ერთობა და შეუპოვრობა. ეს უკვე ისტორიის ნაწილია და მომავალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. დღეს კი ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმროებიდან ადამიანების გათავისუფლება. რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს", - ნათქვამია მიმართვაში.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. დაკავებულთაგან 34-მა პირმა გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ყველა მათგანმა აღიარა დანაშაული და გათავისუფლდნენ 3-წლის ვადით პირობითი მსჯავრით.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0