სროლა ვერაზე: საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები

© video: Sputnik / StringerМесто преступления - полицейская лента
Место преступления - полицейская лента - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2026
გამოწერა
დაკავებულს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით აქვს წაყენებული.
თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე გახსნილ ცეცხლს 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი“.
17 წლის ბიჭი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში გუშინვე გარდაიცვალა.
გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის ცნობით, ახალგაზრდამ სკოლა წელს დაამთავრა და მას სწავლა უნივერსიტეტში უნდა გაეგრძელებინა.
მედიის ცნობით, შანიძის ქუჩაზე მომხდარი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. აქედან ერთი ქალია, რომელიც ტაქსით გადაადგილდებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა.
თვითმხილველების თქმით, ათზე მეტი გასროლა გასულ ღამეს ახალგაზრდების სიცილს და ხმამაღლა საუბარს მოჰყვა. ხმაურმა იქვე მდებარე სასტუმროს მფლობელი ნიკოლოზ კაპანაძე გააღიზიანა და ახალგაზრდებს ცეცხლი გაუხსნა.
42 წლის ნიკოლოზ კაპანაძემ, რომელსაც, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქიური პრობლემები და სუიციდის მცდელობა ჰქონდა, შემდეგ კი ხანგრძლივ მკურნალობას გადიოდა, იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ნიკა ღუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკა „ჰელსიკორში“ აცხადებენ, რომ ვერაზე დაჭრილი ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე პოლიციამ ნიკოლოზ კაპანაძე ცხელ კვალზე დედის საკუთრებაში არსებულ სასტუმროში დააკავა.
ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებისას ბრალდებულმა ხელის თითებზე დაზიანება მიიღო. ამჟამად ბრალდებული კლინიკაშია მოთავსებული და მას ბადრაგი იცავს.
დაკავებულს ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლებით აქვს წაყენებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0