მოსეშვილი: შანხაი-თბილისის მინართულებაზე მოთხოვნა მაღალია

© China Eastern AirlinesChina Eastern Airlines
China Eastern Airlines - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2026
გამოწერა
ავიაკომპანია China Eastern Airlines ავიარეისებს კვირაში სამი სიხშირით - ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას ასრულებს.
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ავიაკომპანია China Eastern Airlines-ის მიერ თბილისი-შანხაის მარშრუტზე შესრულებული პირველი სამი რეისი 95%-ით იყო დატვირთული, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა.
თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებამ სტარტი 15 ივლისს აიღო. ფრენები კვირაში სამი სიხშირით - ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას სრულდება.
„თბილისი-შანხაის პირდაპირი რეისის დაწყება საქართველოსთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენაა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის საავიაციო ისტორიაში, რადგან პირველად შესრულდა რეგულარული, დაახლოებით 10-საათიანი შორ მანძილზე ე.წ. long haul ფრენა“, - განაცხადა მოსეშვილმა.
მისი თქმით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით და პირიქით მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს.
„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოვიდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ავიაბაზრის მზარდ პოტენციალს და ჩინეთის მიმართულების მნიშვნელობას“, - აღნიშნა მოსეშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ ჩინეთსა და საქართველოს შორის ახალი საჰაერო მიმართულებები დაემატოს.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ საერთაშორისო მოგზაურებს. ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა როგორც სავაჭრო, ისე ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. დღეს საქართველოში China Eastern Airlines-ის გარდა კიდევ ორი ჩინური ავიაკომპანია ოპერირებს. ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადი და ინტერესი მუდმივად იზრდება“, - განაცხადა მოსეშვილმა.
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. Air China 2025 წლის დეკემბრიდან ასრულებს რეისებს პეკინი-ურუმჩი-თბილისი-ურუმჩი-პეკინის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით (ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი). ასევე 2023 წლიდან China Southern Airlines თბილისი – ურუმჩის მიმართულებით რეგულარულ ავიარეისებს 5 სიხშირით ასრულებს.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0