სტიქია თელავში: ქალაქში ხევის და დამბების გამაგრება გრძელდება

თელავი სტიქიის შემდეგ
თელავი სტიქიის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2026
გამოწერა
აგრეთვე მიმდინარეობს სტიქიის განმეორების რისკების შეფასება და მზადდება ნიადაგი ახალი საინჟინრო სამუშაოებისთვის.
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. თელავში სტიქიის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოები მეხუთე დღეა გრძელდება: სპეციალისტები ასუფთავებენ თელავისხევის კალაპოტს, მიმდინარეობს ნაშალის გატანა და გზის გაყვანა დამცავი დამბების სათაო ნაგებობამდე, იტყობინება Rustavi 2.
12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.
"ხევიდან ფაქტობრივად დასრულებულია ამოღება ნაშალის, ახლა მიმდინარეობს გატანა უკვე ამ ამოღებული მასის, ასევე გრძელდება კალაპოტის ფორმირების და ამოწმენდის სამუშაოები სათავეზე და ქვედა ნაწილში გულგულის სიახლოვეს", - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.
დამცავ დამბებთან მისასვლელი ერთერთი გზა უკვე მთლიანად გაწმენდილია, რაც ძლიერი ნალექის შემთხვევაში დატბორვის საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის მოწოდების შეფერხების სრულად აღმოსაფხვრელად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.
"გაიწმინდა მისასვლელი გზა და იწმინდება დამცავ დამბებამდე იმისათვის, რომ დაიწყოს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, რათა დაიგეგმოს სამუშაოები ისე როგორც დამბების რეაბილიტაციის საჭიროების შემთხვევაში. ასევე, ნატანის მასის კუთხით, რათა მოსალოდნელი სამომავლო სტიქიის შემთხვევაში რისკები იყოს მაქსიმალურად გათვლილი", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0