კობახიძე: ჩინეთთან მეგობრობას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2026
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ახალ ავიამიმოსვლას ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტების შემდგომ გაღრმავებას უკავშირებს
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული პროგრესზე, ამიტომ საქართველოსთვის ჩინეთთან მეგობრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოში პირდაპირი ფრენები ჩინეთის მესამე ავიაკომპანიამ - China Eastern Airlines-მა დაიწყო. თბილისი-შანხაის პირდაპირი რეგულარული რეისები 15 ივლისს ამოქმედდა.
„ჩვენთვის ჩინეთთან პარტნიორობას, მეგობრობას, ურთიერთობას განსაკუთრებულზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩინეთი არის მშვიდობიანი სახელმწიფო, თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მის განვითარებაზე, მოდერნიზაციაზე, პროგრესზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ მეტად განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩინეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა. მოხარული ვართ, რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ქვეყნებს შორის ეკონომიკური პარტნიორობა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება.
„დაახლოებით ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რასაც უკვე ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ჰქონდა ჩვენი ქვეყნებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოვაწერეთ ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
ჩინეთმა კი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
ყველა ახალი ამბავი
0