პაპუაშვილი: სტიქიამ ყველაზე კარგად აჩვენა სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც

© MESსტიქია თელავში
სტიქია თელავში - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2026
გამოწერა
რეგიონი მსგავსი მასშტაბის სტიქიას ბოლოს დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეესწრო.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თელავში მომხდარი სტიქიის კომენტირებისას.
12 ივლისის გამთენიისას თელავში მოსული უხვი ნალექის შედეგად თელავისხევი ადიდდა. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და ღვარცოფულმა ნაკადმა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები და კომერციული ფართები დატბორა. ქალაქის ტერიტორიაზე 57,3 მმ ნალექი მოვიდა, რაც ივლისის თვის ნორმის 85%-ს შეადგენს.
„სტიქიის დროს ყველაზე კარგად ჩანს სახელმწიფოს შესაძლებლობაც და საზოგადოების ძალაც. როდესაც პრევენცია, კოორდინაცია და მოქალაქეთა სოლიდარობა ერთად მოქმედებს, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტიანად დაიძლევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა კახეთის მოსახლეობის ერთსულოვნება. მისი თქმით, გურჯაანის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციები სრული შემადგენლობით დადგნენ თელაველთა გვერდით და დღესაც ერთად აგრძელებენ სტიქიის შედეგებთან ბრძოლას.
„სწორედ ასეთ დროს ჩანს, რომ სოლიდარობა მხოლოდ სიტყვა არ არის - ის მოქმედებაა“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც მან განაცხადა, მსგავსი მასშტაბის სტიქია რეგიონს ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ დაატყდა თავს.
„ამჯერად, გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგი გვაჩვენა. თელავისხევზე მოწყობილმა სამმა კასკადურმა ბეტონის ღვარცოფდამჭერმა, რომლებიც ბოლოს 2022 წელს გაიწმინდა, სტიქიის მთავარი დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო - სრულად შეაკავა ღვარცოფის მიერ ჩამოტანილი ხეები და მორები, ქვა-ღორღის უდიდესი ნაწილი, რამაც ქალაქი გაცილებით მძიმე შედეგს გადაარჩინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემდეგ, ქალაქი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და ლამაზი გახდება.
საქართველოში ბოლო წლებში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში მაღალმთიან კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი თვის შემდეგ, იმავე მიზეზით, კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოში მომაკვდინებელი მეწყერის წარმოქმნის მთავარ მიზეზად სპეციალისტები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. 2018 წელს საქართველოში დაიწყო მასშტაბური შვიდწლიანი პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებისკენ არის მიმართული.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) და შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით აამოქმედა.
პროექტის ბიუჯეტი, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნასაც მოიცავს, 74 მილიონ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0