ახალი დალაგება „ნაციონალურ მოძრაობაში“: სააკაშვილი თამაშის წესებს ცვლის

© photo: Sputnik / Stringerაქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2026
გამოწერა
მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ამაოდ ცდილობს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას სტრუქტურული ცვლილებებით.
თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი უთანხმოება გაჩნდა მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება „რეფორმატორების საბჭოს“ შექმნის შესახებ, რომელმაც პარტიის შიდა სტრუქტურა უნდა შეცვალოს.
ადრე სააკაშვილმა „რეფორმატორების საბჭოს“ შექმნის შესახებ განაცხადა, რომლის თავმჯდომარეობასაც თავად აპირებს, ხოლო მისი აღმასრულებელი მდივანიც ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში კითხვები და დაბნეულობა შეიტანა.
მისი თქმით, პარტიის რეფორმირება თავდაპირველად მისი ხელმძღვანელობით იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში მიიწვია. ამის შემდეგ მალევე გახდა ცნობილი „რეფორმატორების საბჭოს“ შექმნის შესახებ.
ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიაში რჩება, მაგრამ, სავარაუდოდ, თავმჯდომარის პოსტზე კენჭს არ იყრის.
„მე ვრჩები პარტიაში, სავარაუდოდ, არ დავაყენებ თავმჯდომარეობის კანდიდატად საკუთარ თავს. პრეზიდენტ სააკაშვილს პარტიაში თუ რაღაცის ფორმაცია სურს, მე რიგით წევრად გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას“, - განაცხადა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის ფორმალურად გაუქმება იურიდიულად შეუძლებელია.
„ჩემი ორწლიანი მანდატი, რომელიც პარტიულმა ყრილობამ მომანიჭა, 2026 წლის 8 ივლისს ამოიწურა, წესდებით გათვალისწინებულია, რომ მე გავაგრძელებ ამ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის გაგრძელებას, მანამ სანამ ახალი პარტიული ყრილობა არ აირჩევს ახალ ხელმძღვანელ პირს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, პარტიის სტრუქტურაში ნებისმიერი ცვლილება კანონს უნდა შეესაბამებოდეს, რათა არ შეიქმნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პრეტენზიების წაყენების საფუძველი.
ბოკუჩავას თქმით, ის "რეფორმების საბჭოში" საკუთარ თავს ვერ ხედავს, რადგან ამ საბჭოს პარტიული სტრუქტურისგან გვერდზე მდგომ პლატფორმად მიიჩნევს.
„სავარაუდოდ, არა. რადგან ის პარტიისგან გვერდზე მდგომი ორგანო იქნება, უფრო სწორი იქნება ის დაკომპლექტდეს არაპარტიული ადამიანებისგან", - განმარტა მან.
ჟორჟოლიანის განცხადება
თავის მხრივ, ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა თავდაპირველად ბოკუჩავას „რეფორმატორთა საბჭოში“ მონაწილეობა შესთავაზა.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტმა ეს იდეა ბოკუჩავასთან მისი მიმართვის გამოქვეყნებამდეც განიხილა, ხოლო თავად ჟორჟოლიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს დაახლოებით კვირანახევრით ადრე შეხვდა.
„მიხეილ სააკაშვილმა, როგორც კი დაიწყო ამ ახალ იდეაზე მსჯელობა და ფიქრი, პირველი შეთავაზება ვისაც გაუკეთა ამ საბჭოში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს იყო თინა ბოკუჩავა“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მან აღნიშნა, რომ ბოკუჩავა უნდა ყოფილიყო საგარეო ველზე, რაც მის ერთერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს.
„მე ვფიქრობ, რომ რაშიც უკონკურენტოა თინა პარტიაში, ის უნდა ყოფილიყო წარმომადგენელი "რეფორმატორთა საბჭოში", ისევე როგორც პარტიაში", - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ახალი საბჭოს შექმნა არ ნიშნავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმებას. ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ექვსი თვეში პარტიის მხარდამჭერები პირდაპირი კენჭისყრით აირჩევენ ახალ ლიდერს.
„პარტიაში ყველამ იცის, რომ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება დღის წესრიგშიც კი არ დგას. საუბარია დროებით მმართველ ჯგუფზე ექვსი თვის ვადით - არჩევნებამდე. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პირდაპირი კენჭისყრით ჩატარდეს“, - აღნიშნა მან.
ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ „რეფორმატორთა საბჭო“ იქნება პარტიისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“.
ქართული ოცნების“ რეაქცია
მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ამაოდ ცდილობს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას სტრუქტურული ცვლილებების გზით. „ქართული ოცნების“ წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს ყოფილა პოლიტიკური პარტია, არამედ „ყოველთვის იყო აგენტების კანტოტა“.
„ეს იყო მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და, რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია მათ დღემდე არ შეუცვლიათ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
პარლამენტის წევრმა ასევე გააკრიტიკა სააკაშვილის ინიციატივა „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნის შესახებ და მას პარტიაში გავლენის შენარჩუნების მცდელობად უწოდა.
„რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, მეტი ე.წ. ინიციატივით გამოვლენ, მით უფრო მეტად გააგებინებენ საკუთარ უუნარობას“, - აღნიშნა მან.
იონათამიშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის როლზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი ყოველთვის პარტიის ლიდერად რჩებოდა და ვერ შეძლებს არსებული ვითარების შეცვლას.
მმართველმა პარტიამ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას არ შეუძლია ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მისი გავლენა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ და შიდაპარტიულ პროცესებში ჩართვა კანონს ეწინააღმდეგება.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება ან პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. უკრაინის მოქალაქეობის მიუხედავად, ბევრი ადამიანი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.
ყველა ახალი ამბავი
0