საქართველოში ფაროსანას გასანადგურებლად 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს

CC BY-SA 2.0 / Ton Rulkens / stink bugფაროსანა
ფაროსანა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2026
გამოწერა
იაპონური ქინქლას გამრავლება და მისი ფიტოსანიტარიული რისკების შეფასება ლაბორატორიულ პირობებში განხორციელდა.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ანასეულის" ლაბორატორიის სპეციალისტებმა საქართველოში აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის – იაპონური ქინქლას საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, სპეციალისტებმა 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა (Trissolcus japonicus) გაუშვეს. სპეციალისტები მწერის გავრცელებასა და მის გავლენას ფაროსანას პოპულაციაზე მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან.
იაპონური ქინქლა სპეციალისტებმა საქართველოში პირველად 2023 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღმოაჩინეს. მოგვიანებით მისი არსებობა ტურინის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც დაადასტურეს. ამის შემდეგ „ანასეულის" ლაბორატორიაში შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა შვეიცარიელ, იტალიელ და თურქ მეცნიერებთან, ხოლო ლაბორატორიულ პირობებში განხორციელდა იაპონური ქინქლას გამრავლება და მისი ფიტოსანიტარიული რისკების შეფასება.
„საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფო უპრეცედენტოდ მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მსგავსად, აქტიურად ვმუშაობთ ბიოლოგიური კონტროლის მეთოდების განვითარებაზე. იაპონური ქინქლა ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ აგენტად მიიჩნევა, თუმცა მისი ეფექტიანობისა და ფაროსანას პოპულაციის მართვის შესაძლებლობის შეფასება გრძელვადიან დაკვირვებას საჭიროებს“, – განაცხადა სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტიამ.
უწყების განცხადებით, იაპონური ქინქლა უარყოფითად არ მოქმედებს სასარგებლო მწერებზე. დაახლოებით ერთი მილიმეტრის ზომის პარაზიტული მწერი კვერცხებს აზიური ფაროსანას კვერცხებში დებს, რის შედეგადაც მავნებლის ახალი თაობა აღარ ვითარდება. ამიტომ იაპონური ქინქლა დღეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის ერთ-ერთ პერსპექტიულ საშუალებად მიიჩნევა.
იაპონური ქინქლის ბუნებრივ გარემოში გაშვება და ეფექტიანობის შეფასება უკვე მიმდინარეობს შვეიცარიაში, იტალიაში, აშშ-სა და თურქეთში.
ბრძოლა ფაროსანასთან
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი განსაკუთრებით საშიშია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის. შემდგომ წლებში მან თხილის, ციტრუსისა და სიმინდის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
შედეგად, საქართველოს მთავრობამ მავნებლთან საბრძოლველად სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგ და ტერიტორიების ქიმიური დამუშავება.
ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მეთოდი მსოფლიოში ყველაზე ეფექტურად იქნა აღიარებული. ამჟამად საქართველო თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნებს უზიარებს. აზიური ფაროსანას სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა, მათ შორის, ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი, ვიეტნამი.
ყველა ახალი ამბავი
0