სებ-მა ფულის გათეთრების აღკვეთის წესების დარღვევისთვის 4 მიკროსაფინანსო დააჯარიმა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
შემოწმების შედეგად სამართალდამრღვევ სუბიექტებს ჯამში 28,3 ათასი ლარის ოდენობის ფულადი სანქცია დაეკისრათ.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის, პრევენციული ზომების უგულებელყოფისა და ანგარიშგების წესების დარღვევის გამო ოთხ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ფულადი ჯარიმა დააკისრა.
სებ-ის საზედამხედველო შემოწმების შედეგად სამართალდამრღვევ სუბიექტებს ჯამში 28,3 ათასი ლარის ოდენობის ფულადი სანქცია დაეკისრათ.
უწყების მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჯარიმები შემდეგი კონკრეტული დარღვევების გამო დაეკისრათ:
სს „მისო ინვესტ ჯორჯიას“ ჯარიმის სახით 17 ათასი ლარი დაეკისრა. შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
კლიენტის რისკების გაუთვალისწინებლობა: 3 კლიენტთან მიმართებით რისკის დონის მინიჭება/გადაფასება მოხდა შიდა პოლიტიკით განსაზღვრული რისკ-ფაქტორების გარეშე — თითოეულ ფაქტზე 3 ათასი ლარი, სულ 9 000 ლარი;
პრევენციული ზომების შეუსრულებლობა: 2 კლიენტთან არ განხორციელებულა საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენა — თითოეულზე 2 ათასი ლარი, სულ 4 000 ლარი;
დოკუმენტაციის არასწორად წარდგენა: შემოწმების პროცესში სებ-ისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევა — თითოეულზე 2 000 ლარი, სულ 4 000 ლარი.
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კროს კრედიტს“ ჯამურად 6 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
კლიენტის რისკების არასწორი შეფასება: 1 კლიენტთან მიმართებით რისკის დონის განსაზღვრა მოხდა შიდა პროცედურების უგულებელყოფით — ჯარიმა 3 000 ლარი;
ხელმძღვანელობის ნებართვის არქონა: 1 კლიენტთან საქმიანი ურთიერთობა დამყარდა ხელმძღვანელობისგან შესაბამისი ნებართვის მიღების გარეშე — ჯარიმა 2 000 ლარი;
არასწორი ანგარიშგება: რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით სებ-ისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 შემთხვევა — ჯარიმა 1 000 ლარი.
შპს „მისო ექსპრეს კაპიტალ +“-ს (ს/ნ 445448150) 4 300 ლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა დაეკისრა. შემოწმებით გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
დოკუმენტაციის არასწორად წარდგენა: შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდების 1 შემთხვევა — ჯარიმა 2 000 ლარი;
არასწორი ანგარიშგება: რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით სებ-ისთვის არასწორი მონაცემების მიწოდების 2 შემთხვევა — სულ 2 000 ლარი;
ინფორმაციის დაგვიანებით გადაცემა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით წარდგენა — ჯარიმა 300 ლარი.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალს“ ოთხიდან ყველაზე მსუბუქი ფულადი სანქცია დაეკისრა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, კომპანია ჯამში 1 000 ლარით დაჯარიმდა.
ყველა ახალი ამბავი
0