ერთჯერადი კონტეინერებისა ჭიქების აკრძალვა გადავადდა

© photo: Sputnik / Павел Лисицынპლასტიკის ჭურჭელი
პლასტიკის ჭურჭელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1-ელი იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების - 2027 წლის 1-ელი ივლისი განისაზღვრა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
შესაბამისი ცვლილება „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში შევიდა.
„ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა“, -აღნიშულია ინფორმაციაში.
სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად – 2027 წლის პირველი იანვარი, ხოლო ერთჯერადი ჭიქების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის პირველი ივლისი განისაზღვრა.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში აკრძალულია ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. საუბარია პლასტიკის დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე, თეფშებზე, ე.წ. "საწრუპზე" და პლასტიკის ჩხირებზე. აკრძალვა გავრცელდა არა მარტო მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე, არამედ კვების ობიექტებზეც, რომლებიც მომხმარებლებს მზა საკვებს ერთჯერადი კონტეინერებითა და ჭიქებით აწვდიან.
არსებული აკრძალვის მიუხედავად, საქართველოს მაღაზიებში ერთჯერადი ჭურჭლისა და აქსესუარების შეძენა ამ დრომდეა შესაძლებელი.
მთავრობის განმარტებით, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ხოლო მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა, აუცილებელია მდგრადი განვითარების მიზნებისა და გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის.
საქართველოში პლასტიკთან ბრძოლა 2019 წელს დაიწყო. ქვეყანამ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების და ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41%-ს შეადგენს.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. "საწრუპს", თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0