თავდაცვის ექს-მინისტრი ციხეში 2 წელზე მეტს გაატარებს

ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2026
გამოწერა
ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 10 მარტს აღიძრა. საქმე ეხება სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა.
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას, ხელისუფლების დამხობის თაობაზე განცხადებასთან დაკავშირებულ საქმეზე 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 10 მარტს აღიძრა. საქმე ეხება სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერს, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილმა. ჩანაწერში მკაფიოდ ისმის, თუ როგორ მოუწოდებს ახალაია მთავრობის ნებისმიერი საშუალებით დამხობისკენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო, განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ახალია, შესაბამისად, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.
ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეები ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ
2025 წლის დეკემბრის ბოლოს ახალაია 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმის მცდელობის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დააკავეს. ის ამჟამად პატიმრობაშია.
გამოძიების ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.
ამ საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალაიას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახალაია 2013 წელს დააკავეს და ის 9 წლის შემდეგ, 2022 წლის მარტში გათავისუფლდა.
ექს-მინისტრს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან გაამართლეს ორ საქმეში – „სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა“ და „სპეცრაზმელების წამება და დამამცირებელი მოპყრობა“. ერთ-ერთ საქმეზე – 2006 წლის „ციხის ბუნტის“ საქმეზე ახალაია მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.
2006 წლის „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლის დროსაც სამი პირის ლიკვიდაცია მოხდა, 2014 წელს ახალაიას 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდეს.
2018 წელს კი იგი დამნაშავედ ცნეს შპიონაჟში ბრალდებული პოლკოვნიკი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებაში, რის შედეგადაც თეთრაძე დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
ყველა ახალი ამბავი
0