არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairმიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2026
გამოწერა
ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით უცხო ქვეყნის 50 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები გადაამოწმეს - დაკავებულთა შორის არიან ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0