საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაბაჟო გამშვები პუნქტი "წითელი ხიდი"
საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2026
გამოწერა
საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, თავი შეიკავონ უკანონო ქმედებებისგან.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ "წითელი ხიდის" ცვლის უფროსი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 ათასი აშშ დოლარის შემოტანაში.
"აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით ყოველ ერთეულ შემთხვევაში 8 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 ათასი აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0