„მათი ჩვეული პრაქტიკაა“: „ოცნებაში“ ბოკუჩავას აღიარების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ გააკრიტიკეს

© photo: Sputnik / Stringerთინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2026
გამოწერა
„ქართული ოცნება“ უკმაყოფილოა იმის გამო, რომ სააკაშვილი პარტიის მართვაშია ჩართული
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას აღიარება, რომ პარტია ორი წლის განმავლობაში მალავდა ლიდერის შეცვლის ნამდვილ მიზეზს, მხოლოდ ადასტურებს „ნაცმოძრაობის“ მიერ საზოგადოების მოტყუების ჩვეულ პრაქტიკას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზურაბ რურუამ.
მანამდე ბოკუჩავამ საზოგადოებას „ფორმულა TV“-ის ეთერში ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ პარტიის ხელმძღვანელობა არ იყო გულწრფელი, როდესაც ორი წლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შეცვალა. მან აღიარა, რომ ოფიციალურად გაცხადებული მიზეზი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
„თინა ბოკუჩავას აღიარება, რომ თურმე „ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოებას ატყუებდა ამდენი ხნის განმავლობაში, მათი ჩვეული პრაქტიკაა. ისინი ახლა თავმჯდომარეს რამდენჯერ შეცვლიან, რა დავალებას მიიღებენ გარედან, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საინტერესო არ არის. მეცოდებიან, ხავსს ეჭიდებიან და ხავსიც აღარ არის დარჩენილი ხელის მოკიდებისთვის“, - განაცხადა რურუამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პროცესებსა და განცხადებებს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისი წარმომადგენლები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ, განაცხადა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
„თუ რა მდგომარეობა ექნებათ მათ შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, არსებითი მნიშვნელობა ამას არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები, რას ემსახურებიან და რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი“, - განაცხადა მან.
თბილისის მერმა ენმ-ს „აგენტურული ქსელის წარმომადგენლები“ უწოდა და განაცხადა, რომ პარტია მოწყვეტილია ქვეყნის ინტერესებს და გარე დავალებებს ასრულებს.
„ისინი საერთოდ აცდენილები არიან ქვეყნის, ქართველი ხალხის ინტერესს, ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს გარედან. ყველამ კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა თუნდაც დანიშვნები, გადარჩევა, ამას წყვეტს ერთი ადამიანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
2024 წლის მაისში ლევან ხაბეიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. პარტიამ მაშინ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყო მიღებული. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა აირჩიეს.
მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ ჟორჟოლიანი ენმ-ში რადიკალურ რეფორმებს გაატარებს და პარტიის განახლებაზე იმუშავებს.
თინათინ ბოკუჩავასთვის სააკაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი აზრით, სწორედ მსგავსი იმპულსური და არათანმიმდევრული ნაბიჯები გახდა პარტიაში შექმნილი ამჟამინდელი კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი.
მმართველ პარტიაში მანამდე არაერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და, კანონმდებლობის თანახმად, არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მისი გავლენა და მონაწილეობა შიდაპარტიულ პროცესებში ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.
ყველა ახალი ამბავი
0