აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი: საქართველომ თურქეთში სატრანსპორტო სტრატეგია წარადგინა

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaთურქეთის საზღვაო სამიტი
თურქეთის საზღვაო სამიტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2026
გამოწერა
2032 წლისთვის საქართველო დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების განვითარებას, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ისახავს მიზნად, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა თურქეთის საზღვაო სამიტზე.
თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული თურქეთის მეხუთე საზღვაო სამიტი 2-3 ივლისს სტამბოლში გაიმართა.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს დააკავშირებს. ამ მიზნის მიღწევა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს, რეგიონულ თანამშრომლობასა და გრძელვადიან სტრატეგიულ დაგეგმვას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სესიაში სახელწოდებით „საზღვაო გზებიდან ინტეგრირებულ სატრანსპორტო დერეფნებამდე“ სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ როლსა და ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაგეგმილ მასშტაბურ ინვესტიციებზე.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ისტორიულად ყოველთვის ასრულებდა ცივილიზაციების, კულტურებისა და ბაზრების დამაკავშირებელი ხიდის როლს. დღეს ჩვენ ამ გეოგრაფიულ უპირატესობას გარდავქმნით თანამედროვე, საიმედო და მაღალკონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, 2032 წლისთვის საქართველო დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების განვითარებას.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, რომლის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს, 2029 წლისთვის კი, როდესაც პორტის განვითარების პირველი ფაზა დასრულდება, მისი გამტარუნარიანობა მინიმუმ 600,000 TEU იქნება და ქვეყანას Panamax-ის კლასის დიდი გემების მიღების შესაძლებლობა ექნება.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე მოძრავი შემადგენლობის განახლების პროგრამასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე, რომლის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.
ჩინეთთან, თურქეთსა და ევროკავშირთან მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფონზე, საქართველოს გავლით ტვირთების ტრანზიტი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. აღნიშნული მიმართულების შემდგომი გაძლიერების მიზნით, ამჟამად რამდენიმე მასშტაბური პროექტი ხორციელდება. მათ შორის აქტიურ ფაზაშია „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც საქართველოს გავლით აზიასა და ევროპას აკავშირებს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფანზე, რომელიც რუსეთის მიმართულებით გამავალ სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0