ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტ "ჯაკავის" სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
მედიკამენტი უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების GVHD რეაქციის სამკურნალოდ, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავის" (JAKAVI) დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია უფინანსდებათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, თუმცა გადანერგვის შემდეგ, პაციენტთა ნაწილს რეაქცია GVHD - "ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ" უვითარდება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გადანერგილი დონორის უჯრედები პაციენტის ორგანიზმს ებრძვიან.
"ასეთ შემთხვევებში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ მედიკამენტურ მკურნალობას. საერთაშორისო კლინიკური რეკომენდაციების მიხედვით, აღნიშნული გართულების მართვის ერთ-ერთ საუკეთესო სამკურნალო საშუალებად აღიარებულია მედიკამენტი "ჯაკავი" ("რუქსოლიტინიბი"), რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომელთა დაავადება სტანდარტულ ჰორმონალურ თერაპიას აღარ ექვემდებარება", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეპარატი "ჯაკავი" GVHD რეაქციის მქონე ყველა პაციენტს სრულად დაუფინანსდეს.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ შესყიდული მედიკამენტი "ჯაკავი" უკვე ხელმისაწვდომია ყველა ონკოჰემატოლოგიური დიაგნოზის მქონე ბენეფიციარისთვის, მათ შორის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებები კიდევ უფრო გაზრდის მაღალი ხარისხის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას და პაციენტთა ოჯახების ფინანსურ ტვირთს საგრძნობლად შეამსუბუქებს.
ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცის პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს. პროგრამა მოიცავს შემდეგი დაავადებების მქონე პირთა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას: მწვავე ლეიკემია, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია, იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემია, არა-ჰოჯკინის ლიმფომა, ჰოჯკინის ლიმფომა, მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია და ჰისტიოციტოზი.
ყველა ახალი ამბავი
0