ბრიუსელს უფლებამოსილების გადაჭარბებაში ადანაშაულებენ: ბოჭორიშვილი უკმაყოფილებაზე საუბრობს

© Courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2026
გამოწერა
მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიასა და ეროვნულ მთავრობებს შორის უფლებამოსილების განაწილების განსაზღვრა ევროკავშირის ქვეყნების დონეზე უნდა ხდებოდეს
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) საქმიანობა ბოლო დროს უკმაყოფილებას იწვევს როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ევროპულ ინსტიტუტებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირში უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს დისკუსიები EEAS-ის როლზე, მის უფლებამოსილებებზე და იმაზე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა უნდა დარჩეს წევრი სახელმწიფოების კომპეტენციაში თუ ის ინსტიტუციურ დონეზე უნდა ჩამოყალიბდეს.
„ძალიან ხშირად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში არის ამაზე წუხილები და საუბრები, რომ უფრო მეტს აკეთებს ბრიუსელი, ვიდრე ამის უფლებამოსილება აქვს მინიჭებული ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საქმეა, თუ როგორ გადაანაწილებენ უფლებამოსილებებს ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და როგორი იქნება სუვერენული უფლებამოსილების ხაზები.
„ცხადია, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის საქმიანობით უკმაყოფილება ბევრი მიმართულებით ისმის, მათ შორის წევრი ქვეყნებიდანაც, ინსტიტუტებიდანაც“, - აღნიშნა მინისტრმა.
ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი დავები ახალი არ არის და ევროპული ინსტიტუტების მუშაობას მრავალი წლის განმავლობაში ახასიათებდა. მისი თქმით, მეტი ეფექტურობისთვის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა მკაცრად უნდა განხორციელდეს წევრი სახელმწიფოებისთვის მინიჭებული მანდატების ფარგლებში.
ბოჭორიშვილმა ასევე უარყო ბრალდებები, რომ თითქოს თბილისი საგარეო პოლიტიკურ კურსს ცვლის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება სრულად შეესაბამება საქართველოს სტრატეგიულ მიზანს - ევროკავშირში ინტეგრაციას.
„ეს ძალიან სპეკულაციური ნარატივია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და აზრსაც მოკლებულია, ძალიან ახლოს მხედველი უნდა იყო მაშინ, როდესაც ერთი მიმართულებით ითხოვ საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, რაც მხოლოდ დააზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს და მომავალს“, - განაცხადა მინისტრმა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს სტრატეგიული გზა განსაზღვრულია კონსტიტუციით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ რეგიონთან თანამშრომლობის განვითარება ამ კურს არანაირად არ ეწინააღმდეგება.
„ეს სტრატეგიული გზა და მიზანი არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს და განავითაროს ურთიერთობები თანამედროვე მსოფლიოში სხვადასხვა მოთამაშესა და რეგიონთან, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა მან.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მთლიანად აზიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ კავშირების განვითარება არა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ ევროკავშირის ინტერესებსაც შეესაბამება, რადგან შუა დერეფანი ევროპის აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი ხდება.
მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმაც უნდა განავითარონ კავშირები აღმოსავლეთთან საქართველოსა და შუა დერეფნის მეშვეობით, რადგან ეს ემსახურება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპული უსაფრთხოების ინტერესებსაც.
ბოჭორიშვილმა დასძინა, რომ აზიის ეკონომიკის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს არსებული შესაძლებლობები თანამშრომლობის გაფართოებისთვის. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის რიგ ქვეყნებთან თანამშრომლობის პოტენციალი მნიშვნელოვნად მაღალია ახლა არსებულთან შედარებით და მის განვითარებაზე უარის თქმა შეცდომა იქნებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0