საქართველო ევროკავშირიდან დეპორტირებულთა რეიტინგში მეორეა

© photo: Sputnik / Алексей Витвицкийბრიუსელი
ბრიუსელი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2026
გამოწერა
2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოს 2.060 მოქალაქე დააბრუნეს, პირველ ადგილზე კი თურქეთია - 3.555 დეპორტირებული ადამიანით
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილს იკავებს, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის - Eurostat-ის მასალებში.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირიდან საქართველოს 2.060 მოქალაქე გააბრუნეს.
გამოძევებულთა რაოდენობით საქართველოს უსწრებს თურქეთი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან 3.555 მოქალაქე დააბრუნეს, მესამე ადგილს კი ალბანეთი იკავებს 2.050 გამოძევებულით.
Eurostat-ის მონაცემებით, გერმანიამ მესამე ქვეყნების მოქალაქეთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 7.300 პირი გააძევა. მეორე ადგილზეა საფრანგეთი 3.775-ით, ხოლო მესამეზე - პოლონეთი 2.660-ით.
რაც შეეხება სხვა სტატისტიკას, მათ შორის, ვის მიმართაც 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დატოვების ბრძანება გაიცა, ყველაზე მეტი ალჟირის (11.105), მაროკოს (6.435) და სირიის მოქალაქეები არიან. აღნიშნული მონაცემით, საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს თურქეთისა და ტუნისის შემდეგ - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოს 3.310 მოქალაქის მიმართ გაიცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დატოვების ბრძანება.
2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების დატოვება ჯამში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების 108.47 მოქალაქეს მოსთხოვეს, ბრძანების გაცემის შემდეგ კი მესამე ქვეყნებში 34.550 ადამიანი დააბრუნეს.
2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნების დატოვება მოსთხოვეს 12,8%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც მესამე ქვეყნებში გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ 8,1%-ით მოიმატა.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები, რადგან მათი დარღვევა უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნის. ქვეყანამ გაატარა რიგი ზომები იმისთვის, რათა არ დაუშვას სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია.
გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონმდებლობა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დამრღვევთა წინააღმდეგ. რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თავად კონკრეტულ პირს ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოცვლის პროცედურები, რაც ხშირად სწორედ ამ პროცესთან იყო დაკავშირებული.
ყველა ახალი ამბავი
0