კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა

© AFP 2024 / JOHAN NILSSON / TT NEWS AGENCYNorwegian Air Sweden
Norwegian Air Sweden - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2026
გამოწერა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ისტორიაში პირველი პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო, საინაუგურაციო რეისი ნორვეგიის ყველაზე დიდმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა შეასრულა.
Boeing 737 MAX 8 ტიპის საჰაერო ხომალდით კოპენჰაგენიდან თბილისში 186 მგზავრი ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აღნიშნული მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით - ოთხშაბათსა და შაბათს, ხოლო 15 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
პირველ პირდაპირ ფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად დახვდა.
„შესრულდა პირველი რეისი კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქი, ისტორიაში პირველად, დაუკავშირდება დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენს. რეისი სრულად იყო დატვირთული, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ სკანდინავიის ქვეყნები დაინტერესებულები არიან ჩვენი დედაქალაქით და, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია”, - განაცხადა იოსელიანმა.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 23 მარტს მიანიჭა.
დანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის სექტორისთვის. აქამდე დანიასთან პირდაპირი კავშირი მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იყო შესაძლებელი.
კოპენჰაგენის აეროპორტი ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანზიტო ჰაბია, რაც ქართველ მგზავრებს საშუალებას მისცემს, კომფორტულად გადაადგილდნენ ჩრდილოეთ ევროპისა და ტრანსატლანტიკური (აშშ/კანადა) მიმართულებებით.
სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს 20 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ Norwegian-ის შემოსვლა ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო ზრდას შეუწყობს ხელს და საქართველოს სკანდინავიელი ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომ მიმართულებად აქცევს.
Norwegian-ი 1993 წლიდან ოპერირებს და დღეს ევროპის ერთ-ერთი წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. მგზავრთა გადაყვანის მოცულობით ის ევროპაში მეოთხე უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან გადამზიდავად მიიჩნევა, ხოლო 2021 წელს Skytrax-ის მიერ ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დასახელდა.
ყველა ახალი ამბავი
0