კრიზისი ოპოზიციაში: „ნაცმოძრაობის“ შიგნით არსებული სიტუაციის გამო ცხარე კამათი გრძელდება

© United National Movementთინა ბოკუჩავა და ლაშა ბაქრაძე მოსახლეობას ხვდებიან
თინა ბოკუჩავა და ლაშა ბაქრაძე მოსახლეობას ხვდებიან - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2026
გამოწერა
საქართველოს მმართველმა პარტიამ ოპოზიციურ ბანაკში არსებულ ვითარებას „აგონია“ და სისტემური დაშლის ნიშანი უწოდა.
თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. მიუხედავად იმისა, თუ ვინ უხელმძღვანელებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და როგორი იქნება შიდა დაპირისპირება ოპოზიციურ პარტიაში, შედეგი იქნება მისი პოლიტიკური განადგურება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი დაპირისპირება გამოიწვია. მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ ჟორჟოლიანი ენმ-ში რადიკალურ რეფორმებს გაატარებს და პარტიის განახლებაზე იმუშავებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ სახით, განადგურების პირას მისული ორგანიზაციების გაბრძოლებას ვუყურებთ, რომელიც ცდილობს, როგორმე ვითარება გადაარჩინოს, მაგრამ წლების განმავლობაში შეცდომები დაუშვეს, რომელსაც ისევ აგრძელებენ. მათ ცხოვრებამ არანაირი გაკვეთილი არ ასწავლა. მიუხედავად იმისა, ვინ გახდება მათი თავმჯდომარე და რა შიდა ბრძოლები ექნებათ, შედეგი იქნება ის, რომ პოლიტიკურად განადგურდებიან“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მიმდინარე პროცესები აჩვენებს რომ პარტია ინარჩუნებს მმართველობის ძველებურ სტილს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ახასიათებდა, მიაჩნია პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის. მისი თქმით, პარტიის შიგნით მიიღება იმპულსური, არასწორი, რაღაც აბსოლუტურად არაპროფესიონალური, ინტელექტისგან მოწყვეტილი გადაწყვეტილებები, რომლებიც მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როცა ქვეყანას სააკაშვილი მართავდა.
„მაშინ იყო ეს მდგომარეობა - სრული განუკითხაობა, ადამიანის უფლებების გადათელვა. ერთმანეთში დაპირისპირებით თვითონ არსი ამ გაერთიანების, ისევე, როგორც ცალკეულად აღებული თითო პარტიის და განსაკუთრებით, "ნაცმოძრაობის", არსი არ იცვლება," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით განსხვავებული აზრი ეს არის არა სისუსტე, არამედ სიძლიერე, განაცხადა პარტიის გენმდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი თქმით, პარტია რჩება ერთადერთ პოლიტიკურ ძალად ქვეყანაში, სადაც შეიძლება ჩატარდეს არჩევნები, სადაც რეალურად, თითოეულ კანდიდატს შეუძლია გამარჯვება.
„ერთადერთი პარტია ვართ, სადაც მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ყველაზე ცნობილი და წარმატებული პოლიტიკოსი, მისი სიტყვაც კი შეიძლება არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი, ამიტომაც ეს ყველაფერი ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენს სიძლიერედ," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
სააკაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მოქმედი თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავასთვის. მისი აზრით, სწორედ მსგავსი იმპულსური და არათანმიმდევრული ნაბიჯები გახდა პარტიაში შექმნილი ამჟამინდელი კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი.
მმართველ პარტიაში მანამდე არაერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და, კანონმდებლობის თანახმად, არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ მისი გავლენა და მონაწილეობა შიდაპარტიულ პროცესებში ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების შექმნა, მათში გაწევრიანება და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ექს-პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ბევრი სააკაშვილს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად აღიქვამს.
ყველა ახალი ამბავი
0