ჩინეთთან პარტნიორობის გაფართოებამ პირველი შედეგები უკვე მოიტანა - პრემიერის მონაცემები

© Government of Georgiaსაქართველოს და ჩინეთის დროშები
საქართველოს და ჩინეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 27.06.2026
გამოწერა
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 2025 წელს 44 პროცენტით გაიზარდა
თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ჩინეთთან უკვე არის გამოხატული საქართველოსთვის კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
9 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
„რამდენიმე დღის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან, რაც არის ახალი ეტაპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ. ეს ყველაფერი არის გამოხატული კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებში, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერებაში, ასევე ეკონომიკური კუთხით ხელშესახებ პროგრესში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 21 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 45 პროცენტით. როგორც მან აღნიშნა, იანვარ-აპრილში ქართული საქონლის ექსპორტი ჩინეთში სამჯერ გაიზარდა.
აგრეთვე, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 2025 წელს 44 პროცენტით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაიზარდა 49 პროცენტით.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 2024 წლის 28 მაისიდან შეუძლიათ ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენის უფლებით.
ყველა ახალი ამბავი
0