შიდა ქართლში 6 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა შიდა ქართლში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და ნარკორეალიზაციის ხელშეწყობას ედავება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 6 კილოგრამამდე გამომშრალი "მარიხუანა" ამოიღეს.
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0