პრემიერმა კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის გადაჭრის გზები დაასახელა

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2026
გამოწერა
სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც გამოვიდა მთავრობა განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. განათლების რეფორმა, რომელიც უკვე დაწყებულია, ხელს შეუწყობს კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის გადაჭრას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კვალიფიციური მუშახელის დეფიციტი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელსაც ბიზნესები საკუთარი კვლევების შედეგების წარდგენისას ასახელებენ.
„ზოგადად, როცა იმართება ხოლმე ბიზნეს ასოციაციის, მათი კვლევების პრეზენტაციები, ისინი აცხადებენ, რომ ნომერ პირველი პრობლემა არის, ზოგადად, სამუშაო ძალის დეფიციტი და მეორე პრობლემა არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი. აქ მთავარი გამოსავალი არის განათლების სისტემის გაუმჯობესება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, სწორედ დასაქმების სტრუქტურის შეცვლა იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც გამოვიდა მთავრობა განათლების კომპლექსური რეფორმის ინიციატივით.
„მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, რა თქმა უნდა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კვლევის თანახმად, საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ყოველწლიურად უმაღლესი სასწავლებლების 14,4 ათასი კურსდამთავრებული სჭირდება.
შრომის ბაზრის კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, სადაც კადრების მწვავე დეფიციტი შეიმჩნევა, არის: საშუალო სკოლის მასწავლებელი, გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი, ექთნის დამხმარე სპეციალისტი, ექიმი-სპეციალისტები, მშენებლობის მენეჯერები, პროგრამისტები, პროფესიული განათლების მასწავლებლები, მშენებლობის ზედამხედველები, ელექტროტექნიკოსები, მომარაგების და დისტრიბუციის მენეჯერები. ამასთან, ბაზრის კვლევის თანახმად, შრომის ბაზარზე ნულოვანი მოთხოვნაა ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა ფილოსოფოსი და ერგოთერაპევტი. ასევე დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება ისეთ პროფესიებში, როგორიცაა სოციოლოგი, არქეოლოგი, გეოინჟინერი და მხატვარი.
კვლევის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ უნივერსიტეტების რეფორმის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ზოგი ფაკულტეტისთვის კვოტები გაიზარდა, ზოგისთვის კი მინიმუმამდე შემცირდა. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის სისტემა დაინერგა.
ყველა ახალი ამბავი
0