სადისტრიბუციო ტრანსპორტს ღამის საათებში BUS LANE-ით სარგებლობის უფლება ექნება

© FB/ თბილისის მერია / Tbilisi City Hallავტობუსის სამოძრაო ზოლი გორგასლის ქუჩაზე
ავტობუსის სამოძრაო ზოლი გორგასლის ქუჩაზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება
თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. სადისტრიბუციო მანქანებს ღამის საათებში ავტობუსის ზოლში (BUS LANE) მოძრაობის, გაჩერებისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნებათ. აღნიშნული ინიციატივა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში მომზადდა და განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს წარედგინათ.
ცვლილებების თანახმად, სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის BUS LANE-ით სარგებლობა მხოლოდ ღამით - 01:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი - აღნიშნულ საათებში მძღოლებს შეეძლებათ არა მხოლოდ ამ ზოლში მოძრაობა, არამედ ტრანსპორტის გაჩერებაც სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მოსამარაგებლად.
წესები და პირობები, რასაც სადისტრიბუციო მანქანა უნდა აკმაყოფილებდეს, შს მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება - აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის ტრანსპორტი უნდა აკმაყოფილებდეს კონკრეტულ სტანდარტებს (მაგალითად, ავტომობილის გაბარიტები, წონა ან რეგისტრაციის ტიპი).
„ინიციატივა ხელს შეუწყობს სადისტრიბუციო ქსელების მიერ ღამის საათებში კონკრეტული საქონლის ქსელებში განთავსებას, რაც ერთის მხრივ, ქალაქში საცობებს, მეორეს მხრივ კი სადისტრიბუციო ხარჯებს შეამცირებს, რაც მათ შორის სურსათის ფასებზე დადებითად აისახება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე.
ინიციატივის ავტორების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს:
მსხვილი და საშუალო ზომის სადისტრიბუციო მანქანები დღის საათებში ნაკლებად შეაფერხებენ მოძრაობას ცენტრალურ ქუჩებზე.
ბიზნესის ხელშეწყობა: კომერციული სექტორი შეძლებს ობიექტების უფრო სწრაფ და შეუფერხებელ მომარაგებას იმ დროს, როდესაც ქალაქში მოძრაობა თავისუფალია.
ინფრასტრუქტურის ეფექტიანი გამოყენება: ღამის საათებში, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, თავისუფალი ზოლები მაქსიმალურად პროდუქტიულად იქნება ათვისებული.
აღსანიშნავია, რომ დადგენილი საათების მიღმა (06:00-დან 01:00 საათამდე) ავტობუსის ზოლში სადისტრიბუციო ტრანსპორტის შესვლა ან გაჩერება კვლავ მკაცრად გაკონტროლდება და სამართალდამრღვევების დაჯარიმებას გამოიწვევს.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციაში კომენტარი უკვე გააკეთეს. ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა რიჟამაძის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ღამის საათებში სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის ავტობუსის ზოლების გახსნას ითვალისწინებს, ვერ უპასუხებს სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
მისი თქმით, დროის იმ მონაკვეთში, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, დედაქალაქში გადაადგილების შეფერხება ისედაც არ არსებობს, ხოლო სავაჭრო ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროს პროდუქციას არ იღებს.
„ღამის საათებში დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილების პრობლემა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ისედაც არ არსებობს. უმთავრესი ფაქტორია, რომ აღნიშნულ დროის ინტერვალში შემთხვევათა 99%-ში საერთოდ არ ხდება პროდუქციის მიწოდება - იქნება ეს საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტი თუ ნებისმიერი სხვა მაღაზია, სადაც სურსათის მიწოდება ხორციელდება", - განაცხადა რიჟამაძემ მედიაპლატფორმა BMG-სთან.
ასოციაციის თავმჯდომარე ასევე არ იზიარებს მოსაზრებასს, რომ აღნიშნული შეღავათი პროდუქციაზე ფასების შემცირებას გამოიწვევს და განმარტავს, რომ ხარჯების რეალური შემცირების გარეშე სურსათის ღირებულებაზე გავლენა ვერ მოხდება.
„აღნიშნული დათქმა დადებით ზეგავლენას მოახდენს ფასზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად მოხდება კომპანიების ხარჯების შემცირება. თუ ვითვალისწინებთ, რომ ღამით გადაადგილების პრობლემა ისედაც არ დგას და ობიექტების მომარაგებაც თითქმის არ ხდება, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ფასზე დადებითი ზეგავლენა ფიზიკურად ვერ ექნება", - განაცხადა მან.
სადისტრიბუციო სექტორი გამოსავალს დღის საათებში გარკვეული გამონაკლისების დაშვებასა და სპეციალური რეესტრის შექმნაში ხედავს. რიჟამაძის თქმით, ასოციაციამ თბილისის მერიას კონკრეტული მოდელი უკვე შესთავაზა.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილებს პიკის საათებში (08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე) გადაადგილება შეზღუდული აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0