ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზე: მცირე დარღვევაზე სანქცია მცირდება, ავარიულზე — იზრდება

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2026
გამოწერა
ახალი წესები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ცვლილებების პაკეტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება.
თბილისი, 25ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დაამტკიცა, რომელთა მიხედვითაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ჯარიმები მნიშვნელოვნად მცირდება და უფრო დიფერენცირებული ხდება.
აღნიშნული ინიციატივა მას შემდეგ მომზადდა, რაც 2026 წლის 1-ელ მაისს ძალაში შესულმა გამკაცრებულმა რეგულაციებმა (რომლითაც მინიმალური ჯარიმა 100 ლარამდე გაიზარდა) მძღოლების უკმაყოფილება გამოიწვია. მმართველმა გუნდმა მთავრობასთან და შსს-სთან კონსულტაციების საფუძველზე სანქციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის დადგენილი ნორმის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 100 ლარს შეადგენს, ხოლო 40 და მეტი კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბება 300-ლარიან ჯარიმას იწვევს.
ცვლილებების თანახმად, ჯარიმების ოდენობა დარღვევის მასშტაბის მიხედვით ასე გადანაწილდება:
15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება: გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას (ნაცვლად დღეს მოქმედი 100 ლარისა).
30-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება: გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას (ნაცვლად დღეს მოქმედი 300 ლარისა).
50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება: ჯარიმის ოდენობა ნარჩუნდება და კვლავ 300-ლარით განისაზღვრება.
გარდა ამისა, თუ სიჩქარის 30 კმ/სთ-ზე მეტი ოდენობით გადაჭარბებამ გზაზე ავარიული სიტუაცია შექმნა, ჯარიმა 400 ლარი იქნება, ხოლო თუ მსგავსმა დარღვევამ ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია, ჯარიმა 600 ლარს შადგენს.
ავარიის დროს მწვანე საფარის დაზიანება გამოიწვევს 500 ლარის ოდენობით ჯარიმას, სატრანსპორტო საშუალების შესაძლო კონფისკაციით. განმეორებითი ქმედება ექვემდებარება ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით.
ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ 100-ქულიან სისტემასაც (იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმას საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე გამოწერს):
15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება: მძღოლს ჩამოაკლდება 10 ქულა;
30-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება: მძღოლს ასევე ჩამოაკლდება 10 ქულა (ნაცვლად მოქმედი 20 ქულისა);
50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება: გამოიწვევს 20 ქულის შემცირებას.
ახალი წესები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ცვლილებების პაკეტს პრეზიდენტი ხელს მოაწერს და „საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდება.
ყველა ახალი ამბავი
0