პრემიერი: არაღიარების პოლიტიკისადმი წინააღმდეგობა ევროპარლამენტზეც გავრცელდება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2026
გამოწერა
საქართველოს ამოცანაა ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ევროპარლამენტი, როდესაც არ აღიარებს საქართველოს არჩეულ მთავრობას, ამით არ აღიარებს არც მის სუვერენიტეტს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტმა 24 ივნისს გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები არ მიიწვია. ევროპარლამენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს არც საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მეექვსე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც ამ პარლამენტის მიერ არის არჩეული.
„ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს მთელ ტერიტორიას. ეს მათი საქმეა. ჩვენ ვაწარმოებთ არაღიარების წინააღმდეგ პოლიტიკას. როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას არ აღიარებ, ეს ნიშნავს თავდასხმას ქვეყნის სუვერენიტეტზე. ჩვენ ამ პოლიტიკას დავუპირისპირდებით. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველამ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, -განაცხადა პრემიერმა.
გასულ კვირას ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ხმათა უმრავლესობით კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა. მასში გამოხატულია შეშფოთება „ქვეყანაში დემოკრატის უკუსვლის“ გამო და შეიცავს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე. საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ასეთ რეზოლუციებს „მათთვის არანაირი ღირებულება არ აქვს".
ამავდროულად, საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ არ აპირებს ევროკავშირში ინტეგრაციის კურსიდან გადახვევას და ამისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0