თბილისში რამდენიმე ქუჩას აფხაზეთში დაღუპული გმირების სახელები მიენიჭა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2026
გამოწერა
ახალი სახელდება შეეხო კრწანისის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებს, სადაც ქუჩებს გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული მეომრების სახელები ეწოდა.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა სახელები დედაქალაქის კიდევ რამდენიმე უსახელო ქუჩას მიენიჭა.
აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თბილისის საკრებულოს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში, რომლის მიზანიც გმირთა სახელების უკვდავყოფაა.
ახალი სახელდება შეეხო კრწანისის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებს, სადაც ქუჩებს გასული საუკუნის 90-იან წლებში, აფხაზეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული მეომრების სახელები ეწოდა.
ახალი ქუჩები რაიონების მიხედვით:
აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, კონსტანტინე ლეთოდიანის სახელი კრწანისის რაიონში, ბესარიონ ლომინაძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭა.
აფხაზეთის ომში დაღუპული დავით კახიშვილის სახელი ეწოდა სამგორის რაიონში, გუმათჰესის და ზურაბ კვანტრიშვილის ქუჩებთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს.
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი ჟვანიას სახელობის გახდა.
სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, იოსებ აბაკელიას ქუჩას, მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთს და გიორგი ჩიკვაიძის II შესახვევს, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ოთარ მიღრიჯანაშვილის სახელი მიენიჭა.
თბილისის მერიას განკარგულების ძალაში შესვლიდან 4 თვის ვადაში დაევალა ყველა საჭირო ტექნიკური და საორგანიზაციო ღონისძიების გატარება, მათ შორის, ახალი აბრებისა და ნიშნულების განთავსება.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის ბრძანებით, ეროვნული გვარდია აფხაზეთის ავტონომიის ტერიტორიაზე ფსოუ−ენგურის სარკინიგზო ხაზის დასაცავად შევიდა. ე.წ. აფხაზური გვარდიის მებრძოლებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართველ სამხედროებს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება, შემდეგ კი ომი მოჰყვა.
ომი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. მისი შედეგია ასობით ათასი დევნილი, ათობით ათასი დაღუპული. თბილისმა დაკარგა კონტროლი აფხაზეთზე. შეიარაღებული დაპირისპირების დროს ქართული მხრიდან 15 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0