საქართველო სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეიძენს

სასკოლო ფორმა
სასკოლო ფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2026
გამოწერა
შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. 2026 - 2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისგან“ შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების დროულად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.
მათივე ცნობით, კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული.
სამინისტროს ცნობით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1.801.000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.
„კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება და ყველა ეტაპი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვითა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად წარიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება, რაც ხელს შეუწყობს სკოლებში უფრო თანასწორი, ჯანსაღი და ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნას, ასევე, მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.
საქართველოში მიმდინარე წელს განათლების სისტემის რეფორმა დაიწყო, რომლის მთავარი კონცეფცია სკოლებში 12-წლიანი სწავლების ნაცვლად 11-წლიანზე გადასვლაა.
ამასთან, საშუალო განათლების ატესტატის მიღების შემდეგ, ახალგაზრდებს საკუთარი სურვილით შეეძლებათ დამატებით XII კლასში ისწავლონ. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები, ისევე როგორც სკოლის სასწავლო გეგმა, ერთიანი იქნება.
კიდევ ერთი სიახლე იქნება საქართველოს საჯარო სკოლებში სავალდებულო სასკოლო ფორმის შემოღება. აღნიშნული სიახლე 2026/2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი სკოლის — პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით — მოსწავლეებს შეეხებათ.
ყველა ახალი ამბავი
0