შოუ პოლიტიკის ნაცვლად: „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გადაწყვეტილებების ფონზე კრიზისში იძირება

© photo: Sputnik / Stringerერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2026
გამოწერა
მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციების დაკარგვაზე საუბრობს
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. ყოფილ მმართველ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ სისტემური კრიზისი გრძელდება, რასაც აღიარებენ როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე თავად ოპოზიციური გაერთიანების წევრები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელმა, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ოთხშაბათს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც განაცხადა, რომ ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მისი პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატია. მანამდე მან განაცხადა, რომ შეუერთდებოდა გუნდს რადიკალური რეფორმების განსახორციელებლად და პარტიის განახლებისთვის. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს ყველა მოქალაქის გაერთიანება.
სააკაშვილის გადაწყვეტილება პარტიის ამჟამინდელი ლიდერისთვის, თინა ბოკუჩავასთვის მოულოდნელობა გახდა.
„მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ კრიზისზე მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმაც ღიად ისაუბრა. მისი თქმით, პარტია ამომრჩევლის დაკარგვის, ფინანსური სირთულეების, კომუნიკაციის პრობლემებისა და პოლიტიკური სტაგნაციის წინაშე დგას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს ინსტიტუციურ კრიზისშია... ჩვენ არ გვაქვს კიდევ ორი წლის დაკარგვის ფუფუნება“, - დაწერა ბეჟაშვილმა სოციალურ ქსელში.
ბეჟაშვილმა მხარი დაუჭირა ივლისში შიდა არჩევნების ჩატარების ინიციატივას და მას კრიზისიდან გამოსვლისა და პარტიის განახლების ერთადერთი გზა უწოდა. მან ხაზი გაუსვა პოლიტიკური ძალის სრული გადატვირთვისა და ახალი წევრებისთვის ღიაობის აუცილებლობას.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია უნდა დარჩეს პლატფორმად, სადაც ლიდერები კენჭისყრით ირჩევიან და არა ინიშნებიან.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მიიჩნევს, რომ საკადრო ცვლილებების მიუხედავად ენმ-ში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა. საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული პროცესები ციკლური და არაფრისმომცემია.
„თვითონ „ნაცებსაც“ და მათ მხარდამჭერებსაც მოჰბეზრდათ უკვე ეს დაუსრულებელი სპექტაკლებისა და მრავალსერიანი ფილმების ყურება. ხან იშლებიან, ხან ერთიანდებიან, ხან თავმჯდომარეებს იცვლიან. არაფერი ეშველებათ“, - აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, „ნაცები“ ხელისუფლებაში ვერასოდეს მობრუნდებიან, ვინც არ უნდა იყოს პარტიის თავმჯდომარე.
მსგავს შეფასებას გვთავაზობს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესები სულ უფრო მეტად გასართობ შოუსა და „ტელედრამას“ მოგვაგონებს.
„როცა გგონია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აბსურდის ლიმიტი საბოლოოდ ამოიწურა, „მთავარი რეჟისორი“ ერთი პოსტით ყველაფერს თავდაყირა აყენებს და "Nanuka's Show"-ს ოფიციალურ პოლიტიკურ პლატფორმად აცხადებს. ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმათ, რაც სინამდვილეში ყოველთვის იყო - გაუთავებელ სატელევიზიო მელოდრამად“, - დაწერა სადღობელაშვილმა სოციალურ ქსელში.
მან აღნიშნა, რომ, მისი თქმით, პარტიამ დაკარგა სერიოზული პოლიტიკური შინაარსი და „ვირტუალურ რეალობაში“ აღმოჩნდა.
„ფარდა დაეშვა, მაყურებელი იცინის, ცირკი კი გრძელდება!“- წერს სადღობელაშვილი.
ამასობაში, მმართველ პარტიაში არაერთხელ აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მისი გავლენა პარტიაზე და მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში უკანონოა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, პარტიების შექმნა ან მათში გაწევრიანება. მიუხედავად იმისა, რომ ის უკრაინის მოქალაქეა, სააკაშვილი კვლავ აღიქმება, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალური ლიდერი.
ყველა ახალი ამბავი
0