სწავლება „კავკასიის არწივი 2026“ ოფიციალურად გაიხსნა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამხედროები
სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
გასულ წელს სწავლებას თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალური ოპერაციული ძალების ერთობლივი წვრთნები „კავკასიის არწივი 2026“ დაიწყო, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, სამმხრივი საველე ტაქტიკური სწავლების გახსნის ცერემონია მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში ჩატარდა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ატაშეების მოადგილეებმა საქართველოში და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა. სწავლების გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი.

სწავლება „კავკასიის არწივი 2026“-ის მიზანია საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების შესაძლებლობების სინქრონიზაციისა და კოორდინაციის გაღრმავება, ურთიერთთავსებადობის ამაღლება და გამოცდილების გაზიარება.

სწავლება ორიენტირებულია მცირე ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკასა და მისი ამოცანების შესრულებაზე. სწავლებას დააკვირდება შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც სამივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან შედგება.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სპეციალური ოპერაციების სამმხრივი სწავლება „კავკასიის არწივი“ ყოველწლიურად, როტაციის პრინციპით სამივე ქვეყანაში ტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0