თბილისი ევროკავშირს ქვეყნების „ხარისხებად“ დაყოფის საფრთხეზე აფრთხილებს

© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2026
გამოწერა
ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს", აღნიშნა პაპუაშვილმა
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის იმაზე ნაკლები უფლებების მინიჭების იდეა, ვიდრე კავშირის მოქმედ სახელმწიფოებს აქვთ, ნიშნავს თანასწორობის პრინციპიდან გადახვევას, რაც ევროკავშირში სხვადასხვა კატეგორიის ქვეყნების გაჩენას გამოიწვევს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ასე გამოეხმაურა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირში განიხილება იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრ-სახელმწიფოებს არ ექნებათ იგივე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს.
საქართველოს პარლამენტის სპიკერის თქმით, ევროკავშირი ყოველთვის ეფუძნებოდა წევრი-სახელმწიფოების საერთო წესების წინაშე თანასწორობის პრინციპს, განხილული ინიციატივა კი, ფაქტობრივად, ცვლის ამ ფუნდამენტურ მიდგომას.
„ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ამ ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან" და „მეორეხარისხოვან" ერთა კავშირად აქცევს" , - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, მსგავსი ინიციატივის რეალიზაციის შემთხვევაში, ახალ წევრ-ქვეყნებს ექნებათ იგივე ვალდებულებები, რაც ევროკავშირის დანარჩენ სახელმწიფოებს, თუმცა, არ ექნებათ თანაბარი უფლებები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსმა ასევე გაიხსენა ბრიუსელში ხშირად გაჟღერებული ფრაზა — „არანაირი გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე" და განაცხადა, რომ განხილული იდეა, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ამ მიდგომას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ყველა კანდიდატი ქვეყნის მიმართ.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ეს უკრაინელებმაც კარგად დაინახეს და განაცხადეს, რომ „მეორეხარისხოვან წევრობას" არ დათანხმდებიან.
მისი აზრით, ამგვარი ტენდენციები მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს".
„მართლაც, ასეთი მიდგომა ხომ კიდევ უფრო გაამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას - აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს", - განაცხადა სპიკერმა.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ცვლილებების რეალიზაციის შემთხვევაში, საუბარი უკვე აღარ იქნება იმ ევროკავშირზე, რომელში გაწევრიანებაზეც საქართველომ განაცხადი 2022 წელს შეიტანა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0