პოლიციელების ჯალათებად წარმოჩენა სურთ: მმართველი გუნდი ოპოზიციას პასუხობს

© Courtesy of Levan Machavarianiლევან მაჭავარიანი
ლევან მაჭავარიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2026
გამოწერა
მაჭავარიანის თქმით, ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო წლებში ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რამდენიმე მცდელობა გაანეიტრალეს და სწორედ ამიტომაც გახდნენ ისინი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დისკრედიტაციის კამპანიის ობიექტი.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ქართული პოლიციის მადისკრედიტირებელ კამპანიას რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები აწარმოებენ, რომლებიც სამართალდამცველების „ჯალათებად" წარმოჩენას ცდილობენ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა პოლიციის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებებთან დაკავშირებით.
ასე გამოეხმაურა დეპუტატი ოპოზიციონერი კოლეგის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის ვიკა ფილფანის განცხადებას, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ პოლიცია მმართველი პარტიის პირად „ხულიგნებად“ გადაიქცა.
მაჭავარიანის თქმით, კორუფციულ საქმეებზე მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემის, ასევე კანონდამრღვევი პოლიციელების დაკავების ფაქტები მოწმობს, რომ არც ერთი თანამდებობა თუ პროფესია არ წარმოადგენს ინდულგენციას და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„საქართველოში გვყავს 45 ათასამდე პოლიციელი და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა პროფესიაში, ამ შემთხვევაშიც გამოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად გამოიყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას. სამწუხაროდ, ეს ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. ხაზგასასმელია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ასეთი ცალკეული გადაცდომების მიმართ“, -დაწერა მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში.
დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა ბოლო წლებში ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რამდენიმე მცდელობა გაანეიტრალეს და სწორედ ამიტომაც გახდნენ ისინი რადიკალური ოპოზიციისა და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების მხრიდან დისკრედიტაციის კამპანიის ობიექტი.
„მათ სურთ, პოლიციელებს „მწამებლების“ იარლიყი მიაწებონ და პოლიციელობა სამარცხვინო პროფესიად დაბრენდონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ძალადობას მიმართავენ, ზიანს აყენებენ არა მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის რეპუტაციას, არამედ ათასობით იმ პოლიციელს, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან საკუთარ სამშობლოს.
„რადგან საბაბს აძლევენ მავნებლებს, რომ მათი სამარცხვინო საქციელი მთლიანად პოლიციაზე განაზოგადონ და შემდეგ მსგავსი ბინძური კამპანიების წარმოების შესაძლებლობა მიიღონ“, -აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ სამართალდამცველებს და მათ უწოდა გმირები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას.
ტელეკომპანია „პირველმა“ ადრე აჩვენა სიუჟეტი ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველების მხრიდან განხორციელებული ძალადობის კადრებით. ტელეარხის ინფორმაციით, ვიდეო თავად პოლიციის თანამშრომლებმა გადაიღეს და საერთო ჩატში გაავრცელეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 2022 წელს მომხდარი დანაშაულის შესახებ გენერალური ინსპექციისთვის ცნობილი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა. გამოძიების დაწყების შემდეგ, 2026 წლის 23 თებერვალს, პროკურატურამ პოლიციის სამი თანამშრომელი დააკავა.
ტელეკომპანია „TV პირველმა“ გასულ შაბათს აჩვენა სიუჟეტი, რომელშიც ასახული იყო სამართალდამცველთა მხრიდან ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩადენილი ძალადობის კადრები. ტელეარხის ინფორმაციით, ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი თავად პოლიციელებმა გააკეთეს და ჯგუფურ ჩატში განათავსეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაული 2022 წელს მომხდარ ინციდენტს ეხება.
საკითხს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებამ დაადასტურა, რომ კადრებში ასახული დანაშაული 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთში მივლინებით მყოფმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა ჩაიდინა.
შსს-ის ცნობით, აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვალში გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
ყველა ახალი ამბავი
0