რა ელის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - რას განიხილავენ პოლიტიკურ წრეებში

© United National Movementთინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2026
გამოწერა
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა.
თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შემდეგ, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი კვლავ პოლიტიკური დისკუსიების თემა გახდა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შემოერთების შესახებ განაცხადა, რაც რადიკალური რეფორმების განხორციელებასა და პარტიის განახლებას ისახავს მიზნად. სააკაშვილმა ხაზი გაუსვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო ელიტარული ჯგუფი, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება.

„რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის დღევანდელ განაცხადს ნაციონალური მოძრაობის გახსნის, განახლების და რეფორმირების შესახებ, რა ხანია ჯანსაღი ცვლილებების აუცილებლობაზე ვსაუბრობ და მივესალმები მის მზაობას უამრავი გამოწვევის მიუხედავად ეს პროცესი პარტიაში დაიწყოს“, - დაწერა ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ამასთან, ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა მკვეთრად გააკრიტიკა მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში.
„მე, საერთოდ, არ მესმის, პატიმარი სააკაშვილი რატომ არის ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში „ოცნების“ მხრიდან, რომ მას აქვს იმის უფლება, ასეთ აქტიურ პოლიტიკაში იყოს ჩართული და ასეთი განცხადებები ჰქონდეს... ის რაც მათ რიგებში ხდება, მათი საქმეა და რა თქმა უნდა, „ოცნების“ საქმეა“, - განაცხადა ხვედელიანმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ამდენ ხანს ვერ შეინარჩუნებდა ხელისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით მუდმივი დამხმარე რესურსის გარეშე.
ოპოზიციურ ბანაკში არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას მან ასევე აღნიშნა, რომ პარტიებს შორის შიდა კონფლიქტების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„ჩემთვის, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლისთვის, ძალიან სამწუხაროა ასეთი პროცესები, თუმცა მე მათ რიგებში არსებულ დაპირისპირებაზე დეტალურ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება. მე სრულებით არ ვფლობ ინფორმაციას, რატომ კინკლაობენ მუდმივად ეს პარტიები“, - აღნიშნა ხვედელიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე გამოთქვა მთავრობის პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების გაუქმება ხელს შეუწყობდა დემოკრატიის ჯანსაღ განვითარებას.
2025 წლის ნოემბერში „ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც მოითხოვა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს - ლელოს“ აკრძალვა. მოგვიანებით ამ სიას „ფედერალისტების“ პარტიაც დაემატა.
მმართველი პარტია ასევე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს საქართველოს სამწუხარო წარსულს და არ აქვს შანსი, დაბრუნდეს ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე.
ყველა ახალი ამბავი
0