„ძალიან მნიშვნელოვანი დღე": პრემიერი ჩინეთთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაზე

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის დროშა
ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2026
გამოწერა
ახალი ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლება — ეს არის მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, რომელიც მთავრობის ცალკე ბრიფინგს იმსახურებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამშაბათს ერთმანეთს მიულოცეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი და ერთობლივად გამოაცხადეს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ.
„ჩინეთთან ურთიერთობა არის ის საკითხი, რომელიც საგანგებო სამთავრობო ბრიფინგსაც იმსახურებს. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იცით, რომ დაახლოებით სამი წლის წინ ჩვენ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი“, -თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, ახალი ეტაპი კიდევ უფრო მეტ შედეგებს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. როგორც პრემიერმა აღნიშნა შეთანხმებას ხელი დღეს მოეწერა.
„ამ სამმა წელიწადმა ძალიან ბევრი რამ მოიტანა ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ძალიან გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ ქმედებებშიც იყო გამოხატული, მათ შორის, იცით, რომ უვიზო მიმოსვლა დაწესდა, გვაქვს პირდაპირი ფრენები, ემატება ახალი ფრენები წელს, რაც უზრუნველყოფს მეტ მობილობას საქართველოსა და ჩინეთს შორის“, -აღნიშნა კობახიძემ.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა და ძირითადად ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იყო ფოკუსირებული. 2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე — სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლა და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენა შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობა 2024 წლის 28 მაისიდან შეუძლიათ ტურისტული, საქმიანი, სასწავლო მიზნებით და ქვეყანაში 30 დღემდე დარჩენის უფლებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 2025 წლის ნოემბერში ეწვია. რამდენიმე თვის შემდეგ, 2026 წლის გაზაფხულზე, ჩინეთს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ეწვია.
ყველა ახალი ამბავი
0