სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა შემცირდა - მთავრობა

© AP Photo / Christian Lutzსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2026
გამოწერა
საქმეების რაოდენობის შემცირება უშუალოდ უკავშირდება სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმეების რაოდენობა ბოლო 15 წლის განმავლობაში 93%-ით შემცირდა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში.
„დღეს ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ არსებული საქმეების რაოდენობა ძალიან მცირე ნიშნულზეა. 15-წლიან პერსპექტივაში, 2011 წელთან შედარებით, 2026 წელს საქმეების რაოდენობა 93%-ით არის შემცირებული“, - განაცხადა ძამაშვილმა.
მისი თქმით, საქმეების რაოდენობის შემცირება უშუალოდ უკავშირდება სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს.
„შედარებისთვის, 29 ევროპულ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებელია, ამ ქვეყნებიდან 19 ევროკავშირის წევრია. შესაბამისად, ეს იმის მკაფიო და ობიექტური შეფასებაა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ძალიან მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის პროცესში მყოფი საქმეების დიდი ჯგუფი ეხება ოჯახში ძალადობას, დისკრიმინაციას და არასათანადო მოპყრობას, რომელსაც ადგილი წლების წინ ჰქონდა.
„ასეთი საქმეების 84% 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს უკავშირდება“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლო ორგანოა, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება.
ყველა ახალი ამბავი
0